მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისობის აღსანიშნავად მასშტაბურ ღონისძიებებს აანონებს - ₾3.05 მლნ-ის დახარჯვა იგეგმება

630e46855e7f7
ნინო ტაბატაძე
30.08.22 22:55
1774
თბილისის მერია თბილისობისთვის მზადებას იწყებს და მასშტაბურ ღონისძიებას აანონსებს. 

ქალაქის მუნიციპალიტეტი „თბილისობისთვის“ 3 050 000 ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. საზეიმო ღონისძიებები 1 და 2 ოქტომბერს ჩატარდება.

„2022 წლის 1 და 2 ოქტომბერს, განახლებულ ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება, რომლებიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი.

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები: თბილისის დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, სტენდი "თბილისის განვითარების ისტორია", სცენის დეკორაციები, მოცულობითი თაღი, მოცულობითი ლოგო - "თბილისობა 2022", ინსტალაცია - "საპატიო თბილისელები", მოსასვენებელი სივრცეები, კაფე "ქიმერიონი", ინსტალაცია - "მთაწმინდის მთვარე", ინსტალაცია - "მოცულობითი გაზეთი" და სხვა. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა "თბილისური უბანი ათონელზე", რომელიც ულამაზესი ყვავილებით და შემოდგომის ნობათით განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის იქ მისულ სტუმრებს.

რიყის პარკში გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, ღია კინოთეატრი კულტურული და სპორტული აქტივობები, თემატური ინსტალაციები. განთავსდება დეკორირებული სცენა, რომელზეც ორი დღის განმავლობაში საბავშვო ანსამბლების და ბენდების კონცერტები ჩატარდება.

სახალხო დღესასწაულის ლოკაციად, წელს პირველად იქნება გამოყენებული გუდიაშვილის მოედანი, სკვერის შუაგულში განთავსდება ღია - „თბილისური კაფე“, ორი დღის განმავლობაში ცნობილი მზარეულები საავტორო კერძებსა და დესერტებს შესთავაზებენ ლოკაციაზე მისულ სტუმრებს, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამა, განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინსტალაციები.

ლეღვთახევის ტერიტორია მიეძღვნება ქალაქ თბილისის მეხოტბეებს (პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს), ლოკაციაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი ინსტალაციები, დეკორაციებით გაფორმებული ხეობა, მსახიობების მიერ შესრულებული პერფომანსები და სხვა.

1 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
„თბილისობა 2022“ 2 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტით დასრულდება", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ღონისძიებებისთვის დეკორაციების მომზადება 28 სექტემბერს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები