თბილისის მერიამ დედაქალაქში 5-6 ოქტომბერს თბილისობის ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
ღონისძიებების ღირებულება წელს 3.5 მლნ ლარი იქნება. მაშინ, როცა გასულ წელს 3.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ, ასევე რიყის პარკში გაიმართება. აქტივობები კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს, რომელიც ყველა ასაკზე უნდა იყოს გათვლილი.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორატიული ჯიხურები და დახლები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაციები/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, ფრანების ხეივანი. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, საუბრები ეზოებში.
გარდა ამ, ტრადიციული აქტივობებისა, წელს გაიმართება: "ტკბილეულის ფესტივალი", გაუსინჯე თბილისს გემო", "თბილისური მრავალფეროვნება" და "თბილისური ბაზარი".
როგორც ცნობილია, თბილისის მერია “თბილისობის” დღესასწაულს თითქმის ყოველ წელს გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს. წელს, გასულ წელზე 400 000 ლარით, 2022 წელზე კი, 500 000 ლარით მეტი დაიხარჯება 1979 წელს დაარსებული დედაქალაქის საშემოდგომო დღესასწაულის აღსანიშნავად.