თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა და ის ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ, 500-მეტრიან მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 6.7 მილიონი ლარია. სატენდერო აღწერის მიხედვით, გზა გაფართოების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობას განტვირთავს.
"საპროექტო ობიექტი მდებარეობს ვაკის რაიონში, რომელიც იწყება ვაკის სასაფლაოს ცენტრალური შესასვლელიდან და მთავრდება წყნეთის გზატკეცილის N6-თან. სავარაუდო სიგრძე 500 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას). აღნიშნული გზის მონაკვეთი საჭიროებს გაფართოებას, ა/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს, რაც ხელს უშლის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას", - ნათქვამია საპროექტო დავალებაში.
ტენდერის თანახმად, კომპანიას, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელების სურვილი აქვს, 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეს პროექტის არანაკლებ 225%-ის ღირებულების საგზაო სამუშაოები, რაც 15 მილიონი ლარის გამოცდილების ტოლია.