თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებულია ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომელი.
„აღნიშნულ განცხადებაში, სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, მოხსენიებულია დედაქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები.
როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.
ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე გასცემდნენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ საბუთებს და იმედი გვაქვს, ამას გამოძიება დაადგენს.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა და დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი.
თბილისის მერია ყოველთვის გამოდიოდა და დღესაც გამოდის ტექნიკური დათვალიერების ზომების გამკაცრების წინადადებით, რადგან ყოველი გაუმართავი ავტოტრანსპორტი დიდ დარტყმას აყენებს დედაქალაქს“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში აღნიშნულ პრობლემაზე შეკითხვა bm.ge-მ მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის უფროსს მამუკა მულაძეს დაუსვა - რამდენად აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტექინსპექტირების ნორმებს, რაზეც მამუკა მუმლაძემ გვიპასუხა, რომ "მიკროავტობუსები, რომლებსაც ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს, ქალაქში არ მოძრაობს".

























