თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეები, სავარაუდოდ, 2018 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.
როგორც BM.ge-ის თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, თავდაპირველად გაცხადდა, რომ პროექტი 2019 წლიდან დაიწყებოდა, მაგრამ აპირებენ, პროცესი დააჩქარონ.
მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, იგეგმებოდა ახალი სივრცის შექმნა, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ სამუშაო სივრცეებად თბილისში უკვე არსებული მედიათეკები - (ვაკეში, ნაძალადევსა და ვარკეთილში) გამოიყენონ, რათა მოქალაქეებისთვის ეს სივრცეები მეტად ხელმისაწვდომი იყოს.
"ჩვენ დავეხმარებით კარგ და საინტერესო ბიზნეს-იდეების მქონე სტარტაპერებს ბიზნეს-გეგმის დაწერაში, შემდეგ მათ ადვოკატირებაში, ასევე, პარტნიორების მოზიდვაში, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში", - განაცხადა წილოსანმა და დასძინა, რომ სტარტაპერები უფასო სამუშაო სივრცეებით 2-დან მაქსიმუმ 6 თვემდე ისარგებლებენ.
„ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი შეძლებენ მიიღონ მარკეტერისგან კონსულტაციები, იურისტის მომსახურება, ასევე ბუღალტრულ ანგარიშგებასთან და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სერვისები“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეარჩევს მერია პროექტის მონაწილეებს, ვიქტორ წილოსანის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და ასევე, მერიის სურვილია, ადმინისტრირებაში მინიმალურად ჩაერთონ და ძირითად მომსახურებას აუთსორსზე გაიტანენ.
"გადაწყვეტილია, რომ შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც სტარტაპერებს შეეძლებათ თავიანთი ბიზნეს-გეგმის ატვირთვა, მაგრამ ვებ-გვერდს როგორ შეეძლება, რომ ავტომატურ რეჟიმში გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი, ამაზე მიდის მუშაობა; სექტემბრამდე დარჩენილ დროს ამისთვის გამოვიყენებთ. გარდა ამისა, გვსურს, ადმინისტრირების პროცესში მინიმლურად ვიყთ ჩართული - გამოცხადდება ტენდერი, თუ ვინ გაუწევს შემდეგ ამ ადამიანებს სხვადასხვა მომსახურებას - ესაა ბიზნეს-გეგმის დაწერა, ბუღალტერია, მარკეტინგული დაგეგმარება და ა.შ. ჩვენი მიზანია, ამ პროცესში მაქსიმალურად კერძო სექტორი იყოს ჩართული; არ იქნება ისე, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნეს მიღებული, რომელი ჩინოვნიკს მოსწონს ესა თუ ისე ბიზნეს-გეგმა", - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის: მერიის გათვლებით, პროექტით ჯამში, 120 სტარტაპერი ისარგებლებს.

























