დედაქალაქის მერია ვარაზისხევის ზემო წელის მარჯვენა და მარცხენა ფერდების (ნინო ჟვანიას ქუჩა) კვლევას გეგმავს. ტენდერის პირობების მიხედვით, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, გათვალისწინებულია ხეობის საინჟინრო- გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების ჩატარება.
,,დღეს არსებული მდგომარეობით მიმდინარეობს ნ. ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მდ. ვარაზისხევის ზემო წელის მარჯვენა და მარცხენა ფერდობების განაშენიანება. შესაბამისად მნიშვნელოვანია აღნიშნულ ხეობაში დეტალური კვლევების ჩატარება.“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. კვლევითი სამუშაოებისათვის 308 ათასი ლარია გათვალისწინებული. გამარჯვებულმა კომპანიამ კვლევების შედეგად ანგარიში უნდა მოამზადოს, რომლითაც ხეობაში ღვარცოფული ნაკადების რისკები შეფასდება, გამოვლინდება მეწყერსაშიში უბნები.
კომპანიამ ასევე უნდა მოამზადოს რეკომენდაციები, რომელიც საფუძვლად დაედება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

























