თბილისის მერია წელს 100 ახალ ავტობუსს შემოიყვანს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსების პარკი მოძველდა და გამონაბოლქვის თვალსაზრისით საფრთხეს უქმნის ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას.
"წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ აქტიურად ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ახალი ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანა, რადგან ვიცით, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები. ყვითელი ავტობუსების პარკმა ყველანაირი რესურსი ამოწურა, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსით ჩავანაცვლებდით ყვითელ ავტობუსებს. ჩვენ გამოვნახეთ ბიუჯეტში რესურსი, რომ წელსვე 100 ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. მე მგონია, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს შევუქმნათ ყველანაირი პირობები კომფორტული მგზავრობისთვის. მეორეს მხრივ, ვიზრუნოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელიც არის ძალიან მძიმე. ეს ძველი ავტობუსების პარკი გამონაბოლქვის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. ის რომ 100 ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ ეს ნაწილობრივ შეამსუბუქებს არსებულ გარემოებას. ჩვენ ჩვენს დაპირებას შევასრულებთ და მომდევნო წლებში სრულად ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა თანამედროვე ავტობუსებით", - განაცხადა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

























