მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ "ელიავას ბაზრობის" განვითარების გეგმაზე ტენდერი გამოაცხადა

5b9f6fef60382
თამუნა დემეტრაშვილი
17.09.18 13:11
1335
თბილისის მერიამ ,,ელიავას ბაზრობის“ სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვს თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები რაც ასევე საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.

ამ პრობლემებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ ტერიტორიის კვლევა და სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავება, ,,გადაუდებელ აუცილებლობას“ წარმოადგენს. დოკუმენტში ცალსახად მითითებული არ არის, გადავა თუ არა ,,ელიავას ბაზრობა“ სხვა ტერიტორიაზე, სამაგიეროდ აღნიშნულია, რომ გეგმამ უნდა უზრუნველყოს ,,ერთი მხრივ არსებული ფუნქციური მრავალფეროვნების შენარჩუნება და მეორეს მხრივ ტერიტორიის პოტენციალის ზრდა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, სარეკრეაციო, სამრეწველო და სხვა გამოყენებით“, - ნათქვამია დოკუმენტში. კვლევა 3 ძირითად მიზანს მოიცავს: ტერიტორიის მრავალფუნქციურობის შენარჩუნება და მისი განვითარება, არსებული მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება და პოტენციური სარეკრეაციო სივრცეების იდენტიფიცირება.

კვლევის ფარგლებში, დადგინდება ტერიტორიაზე განაშენიანების შეზღუდვის რეგლამენტი და პირობები, შემუშავდება ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და მისი გავლენა მომიჯნავე უბნებში ცხოვრების ხარისხზე, აღიწერება ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების საკუთრების ფორმები, ასევე საბინაო ფონდი, შეფასდება არსებული საზოგადოებრივი სივრცის მდგომარეობა და გაკეთდება საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის ანალიზი. ,, ტერიტორიის ფუნქციური ზონირება და სამშენებლოდ განვითარების პარამეტრები განსაზღვრული უნდა იქნას მას შემდეგ, რაც კვლევის საფუძველზე დადგინდება სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ ტერიტორიის განვითარების მინიმუმ ორი სცენარი უნდა წარმოადგინოს, რომლებიც უნდა განიხილონ დამკვეთთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, საიდანაც საუკეთესო შეირჩევა.

სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების წარდგენა 25 სექტემბერს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები