გლდანში, VI მკ/რ-ში პარკის სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება, რომელიც მერიამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განმახორციელებლმა კომპანიამ შპს "ტაომ" დაკისრებული ვალდებულებები არაკეთილსინდისიერად შეასრულა.
"აქ წინასაარჩევნოდ ვიყავი და მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პარკის მოწესრიგება მომხდარიყო. ჩვენ ამ პირობის შესრულება დავიწყეთ, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სამუშაოების განმახორციელებელი არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორი კოპანია შეგვხვდა. ის ხარისხი, რა ხარისხითაც სამუშაოები ხორციელდებოდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო", - აღნიშნა კალაძემ.
მერის განცხადებით, "ტაოს" ხელშეკრულება შეუწყდა და მისი ჩანაცვლება ახალი კონტრაქტორი კომპანიით "არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსით" მოხდა. კალაძის თქმითვე, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
რაც შეეხება გლდანში მერიის მიერ დაგეგმილ სხვა სახის პროექტებს, უახლოეს მომავალში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტირება იგეგმება.

























