მერიამ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ bm.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია დავის მოგებაზე პირველ ინსტანციაში.
„საუბარია ნარჩენების მართვის სეპარირებისა და რეციკლირების თანამედროვე სისტემის დაფუძნებაზე, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტუირად ვამუშავებთ. 2019 წლიდან ამოქმედდება ადგილზე სეპარირების ვალდებულება, რაც გულისხმობს ურნებთან სეპარირებას, რაც ეტაპობრივად შევა ძალაში.
როდესაც ნარჩენების გადამუშავებაზეა საუბარი, არ არის საუბარი მხოლოდ ერთ მსხვილ გადამამუშავებელზე, შეიძლება იყოს ბევრი წვრილი მეწარმე, რომლებიც სეპარირებულ ნარჩენებს გადაამუშავებენ. დღეს ასეთი კომპანიები უკვე არსებობენ, მათ სჭირდებათ პროდუქტი და ეს პროდუქტი არის სეპარირებული ნარჩენი“,- აცხადებს მაია ბითაძე.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მერიამ ნარჩენების გადამამშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი, რომელსაც „კადევე“ ახორციელებდა, დაიწუნა. მაშინ თბილისის მერი აცხადებდა, რომ აღნიშნული ქარხნის აშენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა, რადგან პროექტით შეთავაზებული სისტემა მოძველებული იყო. კალაძის თქმით, მერიას დაევალა, რომ ხელშეკრულების პირობები შეეცვალათ, თუმცა, ამაზე კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგა.
„პროექტი ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებლების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა, კომპანიასთან ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც მათ უარი განაცხადეს 25 წლით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შედეგადაც ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, რათა აღდგეს მუნიციპალიტეტის უფლება საკუთრებაზე. მგონია, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.