მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ინვესტორს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

5d25cb61eb0b1
სალომე მეცხვარიშვილი
10.07.19 17:40
1473
თბილისის მერიამ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ინვესტორს მეორე ინსტანციის სასამართლო დავაც მოუგო,- ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სულ ახლახანს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  კომპანია “კადევე ჯორჯიასთან” ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

ხელშეკრულებით, ლილოს მიმდებარე ტეროტირიაზე იგეგმებოდა 82 მილიონი დოლარის ღირებულების ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.

“რაც შეეხება სასამართლოს, რომელიც ჩვენ "კადევე ჯორჯიასთან" გვაქვს, ეს პროცესი ჩვენ მოგებული გვაქვს პირველ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოშიც დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა. ძალაში დატოვა საქალაქო სასმაართლოს გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში ჩაგვბარდება განჩინება. პროცესი ჩვენს მიერ იქნა წამოწყებული და მოგებულია”,- აცხადებს მაია ბითაძე.

მერის მოადგილის განმარტებით, “კადევე ჯორჯიას” პროექტი არ ითვალისწინებდა ნარჩენების სეპარირებულ გადამუშავებას, რაც საქართველოს ვალდებულებაა ევროკავშირთან. შესაბამისად, მასთან ხელშეკრულება გაწყდა.

“რაც შეეხება თვითონ ნარჩენების მართვას, გადამამუშავებელი ქარხანა პრიორიტეტად რჩება, მაგრამ აუცილებელია გავმიჯნოთ, რომ არ შეიძლება ყველა ნარჩენის ერთად გადამუშავება. უნდა მოხდეს ადგილზე სეპარირება, ეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. უკვე ვიწყებთ საპილოტე პროექტს ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც დაახლოებით 158 მიწისქვეშა სეპარირებული ურნა მოეწყობა, შევიძენთ 4 ახალ ნაგავმზიდ მანქანას და ეს ეტაპი გაგრძელდება. საბოლოოდ გვექნება სხვადასხვა ნარჩენების გადამუშავების მექანიზმები, ცალკე პლასტიკისთვის, ცალკე შუშისთვის.

როდესაც ხდება ნარჩენების სეპარირება, ამას იმისთვის ხომ არ ვაკეთებთ, რომ ლამაზად მოხდეს ჩაყრა ნარჩენის?! ვაკეთებთ იმიტომ, რომ ნარჩენების გადამუშავება მოხდეს ცალ-ცალკე. კადევე ჯორჯიას პროექტის პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ეს ვალდებულება საერთოდ იგნონირირებული იყო და ყველა ნარჩენი უნდა მიგვეწოდებინა მათთვის, ანუ პრაქტიკულად ტყუილად უნდა გვქონოდა ქუჩაში სეპარირებული ურნები, რადგან ისინი ერთიანად გადაამუშავებდნენ”,- აცხადებს მაია ბითაძე.

რამდენიმე დღის წინ კომპანია "კადევეს" ხელმძღვანელმა ვაჟა სამადბეგიშვილმა bm.ge-სთან აღნიშნა,სახელმწიფოს პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ "დელოიტი და ტუშმა" მოამზადა დასკვნა, სადაც დასაბუთდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან კომპანიის მიმართ დაფიქსირებულ შენიშვნებს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან საერთო არ აქვს.

როგორც ვაჟა სამადბეგიშვილი განმარტავს, თუ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და პასუხის გაცემა არ მოხდება, ის სამართლებრივ დავას აპირებს.

„ჩვენ პროცედურა მაინც დავიცავით და „დელოით ენდ ტუშის“ დასკვნა გადავუგზავნეთ როგორც თბილისის მერიას, გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრს და ვთხოვეთ, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ და შენიშვნა მოხსნან.

გავიდა თვე-ნახევარზე მეტი და არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ამიტომ ახლა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მივმართეთ, რომ არ სცნოს აღნიშნული შენიშვნები, ხოლო თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებს ვაპირებთ,“ - განაცხადა ვაჟა სამადბეგიშვილმა.

მისივე განმარტებით, სწორედ 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის იანვარში ლილოში ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს სრული დატვირთვით უნდა ემუშავა.

სამადბეგიშვილი ამბობს, რომ ამჟამად „კადევე ჯორჯიას“ საწარმოს მშენებლობისთვის 600 ათას ევრომდე უკვე დახარჯული აქვს და 5 მლნ ლარის ვალდებულებები აქვს წარმოშობილი.

შეგახსენებთ, კომპანია „კადევე ჯორჯიამ“ 2016 წელს მერიის მიერ საყოფაცხოვრებო და მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

2017 წელს მშენებლობასთან დაკავშირებით მერიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა და შეთანხმებაც შედგა, რომ 2018 წლის ნოემბერში ქარხანა სატესტო რეჟიმში უნდა ამუშავებულიყო, თუმცა გასული წლის 8 ოქტომბერს შეთანხმება სასამართლოს ძალით ჩაიშალა.

ბიზნესმენსა და მერიას შორის დაიწყო დავა. 2018 წლის 28 ოქტომბერს კი, პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილებით, კომპანიას საწარმოს მშენებლობის უფლება გაუუქმდა. მოგვიანებით მერიამ „კადევე ჯორჯიას“ საწარმოსთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთიც ჩამოართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები