მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ სადგურის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გარე ვაჭრობის დახლები აიღო

გარევაჭრობა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კომპანია „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი უნებართვო კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან გაათავისუფლა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“, ასევე თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგებას.

მერიის ცნობით, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.

როგორც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმარტა, ღონისძიების მიზანი მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა, უნებართვო გარევაჭრობისა და ანტისანიტარიის აღმოფხვრაა.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყება დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს, ბოლო პერიოდში „სადგურის მოედნისა“ და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც. აგრეთვე, ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას. უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები“, – განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები