თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების „Design-Build“ მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 1.5 – 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი და პროექტის განხორციელება დაახლოებით 1,5–2 წელიწადში გახდება შესაძლებელი,“ – აღნიშნა კალაძემ.
მერის განცხადებით, სამგორის საბაგირო გზა 1986 წელს აშენდა, თუმცა არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის გამო 2006 წლიდან მუშაობა შეწყვიტა. არსებული ინფრასტრუქტურის მძიმე ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დემონტაჟი იგეგმება და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაგირო აშენდება.
ახალი საბაგირო გზა შეძლებს საათში მინიმუმ 1 250 მგზავრის გადაყვანას და მეტროსადგურ „სამგორამდე“ მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
კალაძის თქმით, პროექტი ჩაერთვება დედაქალაქის ერთიან სატრანსპორტო ქსელში და იმუშავებს მეტროს გრაფიკის ანალოგიურად.
„საბაგირო გზების განვითარება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეტაპობრივად განხორციელდება სხვა ანალოგიური პროექტებიც – მათ შორის ‘სარაჯიშვილი–ზღვის უბნისა’ და ‘ისანი–ვაზისუბნის’ დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობა,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.



























