მერიამ თბილისის ზღვის დასახლებაში რამდენიმე ნაგებობა დაანგრია. ადგილზე იმყოფებოდნენ ამ ნაგებობების მფლობელები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია. მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიის წარმომადგენლებმა გამოყარეს ხალხი სახლებიდან და შენობების ნგრევა დაიწყეს.
"მოვიდნენ და არც გვითხრეს წაიღეთ [ნივთები] პირდაპირ გამოგვაგდეს სახლიდან და ტრაქტორები შეუშვეს", - უთხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ ტვ პირველს.
„მამაჩემმა დილით ადრე [მითხრა] რა ხდება, ლევანო და უცებ გავიხედე, მთელი ეკიპაჟი გვერდით სახლს ანგრევდნენ და მერე მოვიდნენ ჩვენთანაც, გამოგვყარეს. ჩუსტებიც არ მეცვა, ისე გამოვედი“, – ამბობს მოქალაქე.
„ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ. ამ დილით მოხდა ასეთი ინციდენტი, გამოყარეს პირდაპირი მნიშვნელობით სახლებიდან. პირადი ნივთებიც არ გამოატანინეს. არავის არაფერი არ უთხრეს, დილით მოვიდნენ, ორი ოჯახი ცხოვრობდა და მიადგნენ, დაუნგრიეს ყველაფერი. ვეკითხებით, საბუთი თუ არსებობს ან რა ბრძანებაა, არავინ არაფერს არ გვიხსნის“, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების გამო შენობები დაანგრიეს. აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი
კონსტრუქციის ნაგებობა.
"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათეულობით უკანონო შემოღობვასაც.
ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა", - აცხადებენ მერიაში.




























