სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ გუშინ, 14 მაისს გაავრცელა ინფორმაცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დარგული მცენარეების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, საკურას ნაცვლად, ტყემლის ხეები აღმოჩნდა.
„ეს ჩხოროწყუა. აქ საკურას ხეივანი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ტყემალი მოისხა,“ – წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ თითოეული ნერგი 750 ლარი ღირდა. აქტივისტის თქმით, მერიამ შეიძინა ნერგები, რომლებიც საბოლოოდ ტყემლის ხეები აღმოჩნდა.
ფაქტის გადამოწმებას bm.ge მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან შეეცადა, რომელმაც გვითხრა, რომ თავიდანვე იცოდნენ რომ ხეები დეკორატიული ტყემალი იყო და არა საკურა.
"საკურა არ არის. დეკორატიული ტყემლის ხეებია. ესენი არის დარგული არა მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს საქართველოში და არა მარტო. იგივე ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, დეკორატიული მცენარე" - თქვა გოგუამ.
კითხვაზე რა ჰქვია ხეივანს დავით გოგუა პასუხობს, რომ ეს ხეივანიც არ არის და ცხადია, არც საკურას ხეივანი არ ჰქვია.
"საკურას ხეივანი როგორ ერქმევა, როცა საკურა არ არის? ხეივანი საერთოდ არ ჰქვია, არ არის ხეივანი.
მერიას ამაში არცერთი თეთრი არ გადაუხდია, იმიტომ რომ არ იყო მუნიციპალური პროექტი.
რაც შეეხება საკურას ხეებს, ნამდვილად დგას საკურას 4 ხე. ოღონდ ეს არის მერიის გვერდით", - თქვა გოგუამ და ტელეფონი გათიშა. მიუხედავად კომუნიკაციის არაერთი მცდელობისა, მან BM.GE-ის დამატებით კითხვებს არ უპასუხა. მათ შორის არც იმას, ვინ და რამდენი გადაიხადა ხეებში.
"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია BM.GE-სთან ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ მოხდა შესყიდვა, როგორც საკურა, თუ როგორც ტყემალი. თუმცა ამბობს, რომ სანამ ხეები გაიზრდებოდა, თავად მერია ამბობდა, რომ ეს იქნებოდა უნაყოფო ხე, რომელიც "ყვავილობისას ულამაზესი იქნებოდა".
იმის გამო, რომ მერმა დამატებითი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რომელ წლებში დარგეს ხეები, ან ვისგან მიიღეს საჩუქრად ნარგავები, უცნობია ისიც, ვისი ბიუჯეტი დაიხარჯა და რამდენი.




























