საქართველოს პარლამენტმა იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც თბილისში ტერიტორიების დაზიანებასთან, იერსახის დამახინჯებასთან, გარე რეკლამების განთავსებასა და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას გულისხმობს. როგორც კანონპროქტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა ოდიშარიამ "საქმის კურსის" ეთერში განცხადა, მერიის ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილების გარეშე დაჯარიმების უფლება მიენიჭება.
"აქამდე ჯერ მეწარმეს უნდა მისვლოდა გაფრთხილება, შემდეგ ეძლეოდა რამდენიმე თვიანი ვადა გამოსწორებისთვის. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ კი თბილისის მერიას ეხსნება ხელები გაფრთხილების გარეშე დააჯარიმოს კანონის დამრღვევები. ბიზნესს აქვს ხასიათი მაქსიმალურად გადაავადოს რაიმე ვალდებულების შესრულება. კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენით არის პარლამენტში, თავისთავად დაიკავებს საკმაო დროს, ტენდენცია გასაგებია, ხელისუფლების გადაწყვეტილება გასაგებია, მე ვფიქრობ საკმარისი დრო აქვს ბიზნესს, რომ მოახდინონ ადაპტირება კანონის ახალ მოთხოვნებთან", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

























