მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიას რუსთაველის რეაბილიტაციის ხარჯი კიდევ ერთ მონაკვეთზე ₾0.5 მილიონზე მეტით გაუძვირდა

რუსთაველის რეაბილიტაცია 1 აგვისტო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. შეთანხმების თანახმად, პროექტის ჯამური ღირებულება 577 800 ლარით გაიზარდა. თავდაპირველად განსაზღვრული 5 778 105 ლარის ნაცვლად, სამუშაოების ბიუჯეტმა 6 355 905 ლარი შეადგინა.

შედეგად, ბოლო კვირაში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულების მიხედვით, ორი მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება ჯამში 725 669 ლარით გაიზარდა.

დღეს, 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ხელშეკრულება ეხება მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ობიექტზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესში, საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისა და სამშენებლო მოედნის დეტალური ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა გაუთვალისწინებელი ფაქტორები. მერიის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების წინასწარ განსაზღვრა თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე შეუძლებელი იყო.

გზის სტრუქტურული მდგრადობის, ექსპლუატაციის საიმედოობისა და ხანგამძლეობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა პროექტში რიგი ცვლილებების შეტანა. კერძოდ, უხვი ნალექის პიკურ პერიოდში წყალშემკრები სისტემის შეუფერხებელი მუშაობისთვის შემოტანილ იქნა მაღალი სიმტკიცისა და გამტარუნარიანობის რკინა-ბეტონის მილები.

წვიმის მიმღები და სათვალთვალო ჭების დამაკავშირებელი გოფრირებული მილები შეიცვალა გაზრდილი მექანიკური მედეგობის მქონე PN ტიპის პლასტმასის სქელკედლიანი მილებით, რაც გამორიცხავს დატვირთვისგან მილების დეფორმაციას.

ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელის ვერტიკალური კედლების დასაცავად გათვალისწინებულია დამცავი სადრენაჟო მემბრანის მოწყობა.

გამოყენებულ იქნა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის სტაბილიზაცია (ბიტუმისა და ცემენტის ნარევით), რაც გაზრდის საგზაო საფარის საექსპლუატაციო ვადას.

დოკუმენტში წერია, რომ თავდაპირველად გათვალისწინებული ღარ-ბორდიურის ნაცვლად, შეთანხმდა ზომის მონოლითური ბეტონის ბორდიურის მოწყობა თანამედროვე მცურავ-ფორმებიანი დანადგარით.

დოკუმენტაციის თანახმად, კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვასა და საპროექტო ცვლილებებს პროექტის ავტორიც ეთანხმება. როგორც პირველ შემთხვევაში, აქაც ახალ ფასებზე წარმოდგენილია შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიში.

შეთანხმების საფუძველზე, კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ვალდებულია 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია გაზრდილი ღირებულების შესაბამისად.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა, რის შედეგადაც რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 147,869 ლარით გაიზარდა.

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის ჯამურად 11-ჯერ დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა.

ცნობისთვის, კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.

გარდა "სმარტ სოლუშენისა", რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესში ჩართლია კიდევ ორი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი". კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას ახორციელებენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით "ნიუკონსმა".

რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ახორციელებს GWP-ის კონტრაქტორიც, რომელიც ადგილზე წყალმომარაგების და კანალიზაციის მილებს ცვლის, აღნიშნულისთვის GWP 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს "თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას უნდა ჩადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები