მერიას სსიპებისა და ააიპების აუდიტორის გამოსავლენად გამოცხადებული ტენდერების პირობების გადახედვა მოუწევს.
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ფედერაცია იმ ჩანაწერზე დაობდა, რომლის მიხედვითაც, აუდიტორული კომპანია ვალდებული იყო ,,აღმოეფხვრა გამოვლენილი დარღვევები და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა ისინი“.
ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობებით, სსიპებსა და ააიპებში შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი, აუდიტორული კომპანია ხდება. მეტიც, აუდიტორს კანონით და ეთიკის კოდექსით ეკრძალება ,,აღმოფხვრას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“ გამოვლენილი ხარვეზები, ასეთ ტენდერში მონაწილეობით კი მერია კომპანიებს კანონდარღვევისკენ უბიძგებს. სადაო ჩანაწერთან დაკავშირებით, მერიის სატენდერო კომისიას საკითხის ხელახლა შესწავლა დაევალა. კომისიამ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ასეთი ჩანაწერი მოქმედ კანონმდებლობას. შეგახსენებთ, რომ აუდიტორული მომსახურების შესყიდვის მიზნით, მერიამ 4 ტენდერი გამოაცხადა, რომელს ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტის დაფუძნებული 76 სსიპისა და ააიპის ბუღალტერია უნდა შემოწმდეს.

























