მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიის ბენეფიციარები „ავერსში“ მედიკამენტებს ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს შეიძენენ

ავერსი

მერიის ბენეფიციარები „ავერსში“ მედიკამენტებს ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს შეიძენენ - ამას ითვალისწინებს თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში რეგისტრირებული ის მოქალაქეები, რომლებიც მერიას ან გამგეობებს მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით მიმართავენ, წამლებს სპეციალური ფასდაკლების ტარიფით კვირის ნებისმიერ დღეს მიიღებენ.

დოკუმენტს ხელი საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

მემორანდუმის საფუძველზე, „ავერსი ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ბენეფიციარებზე მედიკამენტები გასცეს იმ ფასებით, რომლებიც ქსელში მხოლოდ ე.წ. „ფასდაკლების დღეებში“ მოქმედებს. აქამდე მოქალაქეებს ამ ტარიფით სარგებლობა მხოლოდ კონკრეტულ დღეებში შეეძლოთ, ახალი შეთანხმებით კი შეღავათი კვირის ნებისმიერ დღეს გავრცელდება.

საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მემორანდუმის მიზანი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„თანამშრომლობა ხორციელდება მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ფარგლებში. „ავერსი-ფარმა“ უზრუნველყოფს, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა მედიკამენტები მიიღონ კვირის ნებისმიერ დღეს იმავე ფასებით, რომლებიც აფთიაქებში მოქმედებს მხოლოდ ფასდაკლების დღეებში“, - აღნიშნა აბაშიძემ.

პროგრამა ვრცელდება თბილისში რეგისტრირებულ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან შემდეგ ქვეპროგრამებში:

  • „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები“ (მერია);
  • „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ (გამგეობები).

მემორანდუმს ხელი ზურაბ აბაშიძემ, ბექა მიქაუტაძემ და „ავერსი-ფარმას“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, ეკატერინე ბურძენიძემ მოაწერეს. შეთანხმება ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები ქეთევან ჭავჭანიძე და გიორგი დოხტურიშვილი, ასევე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები