GMT ჯგუფს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება საქართველოში სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის Marriot-ის შემოყვანა. დღეს კი ჯგუფის პორტფელში შემავალ სასტუმროებს Courtyard Marriot-ს, Tbilisi Marriot-სა და Moxy-ს ერთი გენერალური მენეჯერი ჰყავს.
ალექსანდრე კვარაცხელიამ სტუმარმასპინძლობის სფეროში მოღვაწეობა საქართველოში მოქმედ "თბილისი მერიოტში" გაყიდვების მიმართულებით დაიწყო, რის შემდეგაც საქმიანობა Courtyard Marriot-ში გააგრძელა, დღეს კი მერიოტის ბრენდის სასტუმროებთან ერთად ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდის Moxy-ის სასტუმროს ხელმძღვანელობს. Marriot-ის ქსელში და სტუმარმასპინძლობის სფეროში დაგროვებულ 30-წლიან ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას ალექსანდრე კვარაცხელია BMGtv-ის გადაცემა "ბინზესის კვირეულს" უზიარებს.
სასტუმროების მმართველი ამბობს, რომ კარიერულ გზაზე ჰოსფითალითი სექტორში შეუძლებელი არაფერია და წარმატების მისაღწევად დიდწილად მონდომებაა საჭირო.
„მერიოტის ქსელში ღირშესანიშნავი და საინტერესო ის არის, რომ მუდმივ მოძრაობაში ხარ. როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად განვითარების კარგი შესაძლებლობა გაქვს. გაყიდვებიდან, სასტუმროს მენეჯერის თანამდებობის დაკავება მომიწია, შემდეგ სომხეთის მერიოტში წასვლა, შემდეგ ბათუმში „ლე მერიდიანის“ გენერალური დირექტორობა და ერთი წლის წინ სამი სასტუმროს ხელმძღვანელი გავხდი.
მინდა ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება, სულისკვეთება და ბრძოლა. ახალგაზრდებისთვის მინდა მაგალითი იყოს და ვუთხრა, რომ თუ მოინდომებენ მათთვის შეუძლებელი არაფერი იქნება. შეძლებენ გახდნენ გენერალური დირექტორები და შეძლებენ საერთაშორისო ოჯახის წევრობას და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას, რაც შენთან ერთად შენი ქვეყნის წესებისა და ტრადიციების გატანას გულისხმობს“, - ამბობს ალექსანდრე კვარაცხელია.
სამი სასტუმროს მენეჯერი GMT-ის მიერ პანდემიის პერიოდში გახსნილი სასტუმრო Moxy-ს განსხვავებულ კონცეფციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი ბრენდის შემოყვანა გაბედული ნაბიჯი იყო. მისი თქმით, სასტუმროს მართვა განსხვავებული მიდგომებით ხორციელდება, რომელიც გუნდურობაზეა დაფუძნებული.
"სამი სასტუმროს მართვა საკმაოდ საინტერესოა და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა. მაგალითისთვის, Moxy უნიკალური პროდუქტია. მფლობელების დამსახურებაა, რომ დიდი რისკი აიღეს და ისეთი ბრენდი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი არ იყოს. ეს არის ევროპული ბრენდი საინტერესო კონცეფციით. მისი ოთახები 18 მ.კვ.-ის ფართობისაა და კარგად მოწყობილი ოთახებია ცნობილი მერიოტის საწოლებით, სადაც მაქსიმალურად კარგად შეიძლება დასვენება. სასტუმროს მთავარი იდეაფიქსი კი ლობია, სადაც ხალხი იკრიბება და მუდმივი კომუნიკაციაა შესაძლებელი. აქ თავისუფალი საზოგადოება იყრის თავს, რომელსაც საზღვრები არ უყვარს. ამავდროულად სასტუმროში ფასი და ხარისხი თანხვედრაშია. ჩვენი კონცეფციით თანამშრომლებს ქრუ-მემბერსს ვეძახით, ხელმძღვანელს კი კაპიტანს, რაც იმის განცდას ტოვებს, რომ ჩვენ მივფრინავთ და ამ საინტერესო მოგზაურობაში ბევრი თავგადასავალი აქვთ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ", - განმარტავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.