თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ის რეჟიმი, რაც მერიამ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შესთავაზა, აბსოლუტურად ადეკვატურია.
როგორც ბითაძემ Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადისტრიბუციო კომპანიებს მინიმუმ 12-საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ.
სააგენტოს კითხვას - მიღწეულ იქნა თუ არა კონსესუსი ბიზნესთან, კალაძის მოადგილემ შემდეგი პასუხი გასცა:
„ბიზნესმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზრონ, რომ ქალაქში ავტომანქანების დიდი რაოდენობის პრობლემაა და ეს გამოწვევა უნდა დაიძლიოს.
ცხელი ზაფხული გველის ამ კუთხით. კონსენსუსამდე შეიძლება ყველა საკითხზე ვერ მივიდეთ, მაგრამ მთავარია ის, რომ კონსენსუსი მიღწეულია თბილისის მოსახლეობასთან იმაზე, რომ თბილისი არის ძალიან გადატვირთული და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კუთხით. ჰაერის დაბინძურება იქნება თუ დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვერ გადავაადგილდებით და ვერ ვარსებობთ ნორმალურად, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან. ყველამ ერთად - ბიზნესმაც და სახელმწიფომაც, უნდა გავიზაროთ, რომ რაღაც ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი იმისთვის, რომ ეს ტვირთი დედაქალაქს შევუმსუბუქოთ და აქ ცხოვრება იყოს შესაძლებელი. ის რეჟიმი, რასაც ჩვენ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შევთავაზებთ, იქნება აბსოლუტურად ადეკვატური, მათ მინიმუმ 12 საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ და ეს პრაქტიკა ჩვენ არ მოგვიგონია“, - განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრაქტიკა არსებობს.