ხელისუფლების მიერ რითეილ სექტორის წინააღმდეგ დაწყებულმა პროცესმა საზოგადოებაში პასუხებზე მეტი კითხვა გააჩინა - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში, „ნიუარი და კომპანიის“ დამფუძნებელმა ბადრი ნიაურმა ისაუბრა.
ნიაური ყურადღებას მსხვილი ქსელების ბაზრის წილზე, მათ ურთიერთკავშირებსა და პარალელურ ბიზნესებზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რეგულაციის გამკაცრებით და ანტიმონოპოლიური კვლევით არის შესაძლებელი.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პროცესი იყოს გამჭვირვალე: ვინ არიან რითეილ ჯგუფების წარმომადგენლები, რა წილი უჭირავთ ბაზარზე და ხომ არ არის მათ შორის კარტელური შეთანხმება. ასევე – სხვა ბიზნესებთან ხომ არ არიან დაკავშირებული (დისტრიბუცია, მეურნეობები და ა.შ.), რაც ბაზარზე გავლენას აძლიერებს. პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ კვერცხის ფასით. ფასები ხშირად ხელოვნურად იცვლება, განსაკუთრებით სეზონურად. არსებობს ეჭვი, რომ საკითხის გააქტიურება ან ყურადღების გადატანას ემსახურება, ან გარკვეულ ბიზნესებზე კონტროლის მცდელობას.
კითხვებს აჩენს ისიც, რომ საპენსიო ფონდს, მაგალითად, წილი აქვს სააქციო საზოგადოება „ნიკორა თრეიდში“ – ანუ ერთის მხრივ საუბარია პრობლემებზე, მეორეს მხრივ კი სახელმწიფო სტრუქტურა თავად არის დაინტერესებული მისი მოგებით.
აქ მთავარი პრობლემებია: კაპიტალის კონცენტრაცია რამდენიმე დიდ ქსელში, მომწოდებლების მძიმე მდგომარეობა (გვიან გადახდები, ვალუტის რისკი), მომხმარებლის უფლებების უგულებელყოფა, ერთი და იგივე ქსელების ჭარბი კონცენტრაცია ერთ ლოკაციაზე.
ფასებში დიდი სხვაობაა სხვადასხვა ქსელში, მაგალითად, „კოკა-კოლა“ ან პური ერთგან მნიშვნელოვნად ძვირია, მეორეგან – იაფი, რაც მიუთითებს ხელოვნურ მარჟებზე და „ჭადრაკისებურ“ ფასდადებაზე, სადაც საერთო ჯამში მომხმარებელი მაინც ერთსა და იმავე თანხას ხარჯავს. ეს ხომ ხელოვნურია და ამ ხელოვნურობას სჭირდება ანტიდემპინგური კანონმდებლობა, ამას სჭირდება საგადასახადო კუთხით რეგულაცია. რითეილ ჯგუფებს აქვთ უზარმაზარი ხარჯი, რომელიც არ შეიძლება, რომ ხარჯად ჩაითვალოს. ასეთი ტიპის ობიექტებს სჭირდებათ თავიანთი სათანადო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვიცით, რომ გარდა რამდენიმე სამარკეტო ქსელისა, სხვებს სათანადო ინფრასტრუქტურა არ აქვთ და დილით შეტანილი პროდუქცია საღამოს ხვდება პირდაპირ ნაგვის ურნებში. ამიტომ, ასეთ საკითხებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება. ქალაქის მერმა „დიფთეიტზე“ და ტრამპზე კი არ უნდა აკეთოს განმარტებები, პასუხი უნდა გაგვცეს, რატომ არის პროდუქცია პირდაპირ ნაგვის ურნებში. ხომ არ ხდება ამ ყველაფრის ხელოვნურად, ასე ვთქვათ, გაზრდა. ასევე ჩამოყალიბდა კიდევ ძალიან მახინჯი ტენდენცია, რომ გარკვეულ პროდუქციას დაერქვა „პრემიუმ კლასის“ და იყიდება 300-400%-იანი ფასნამატით. ამიტომ, საჭიროა ანტიმონოპოლიური და ანტიდემპინგური რეგულაციები, საგადასახადო ხარჯების რეალური გადახედვა; უსაფუძვლო გამდიდრების კონტროლი; ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაწესება ქსელებისთვის; განთავსების შეზღუდვები, რათა ერთ უბანში ერთი და იგივე ქსელი არ დომინირებდეს,“ - განაცხადა ნიაურმა.




























