IMF-ის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ფონდი საქართველოს $40 მილიონის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს.
ვერა-მარტინის თქმით, მთლიანად პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის დამტკიცებული ფინანსების ოდენობა $210 მილიონი დოლარი იქნება.
მერსედეს ვერა მარტინის თქმით, მათმა შეფასებამ აჩვენა, რომ საქართველო წარსულში აღებული ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რაც სახელმწიფო რეფორმებსა და მდგრადი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაში გამოიხატება.
IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5.2%-მდე გაიზრდება, რასაც გაზრდილი ინფასტრუქტურული ხარჯვა და სტრუქტურული რეფორმები შეუწყობენ ხელს. ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ დაღმავალ ფაქტორთა შორის კი, ვერა-მარტინი გლობალურად შემცირებულ ზრდის პერსპექტივას და საერთაშორისო ბაზრებზე დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებს ასახელებს.
"ჩვენი შეფასებით, რეფორმების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი, დადგენილ კურსს მიჰყვება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის მყარი. 2018 წელს ზრდამ 4.7%-ს მიაღწია, ინფლაცია კი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყო. 2018 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ზრდით ხასიათდებოდა ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავლები, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი.
2018 წელი ფისკალური დისციპლინით ხასიათდებოდა, წლის ბოლოს კი, სახელმწიფო ხარჯვის მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შემცირებულია, ჩვენ 2019 წელს საქართველოსთვის 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ, ხოლო ინფლაცია კი, მცირედით უფრო მაღალი იქნება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძირითადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.
სტრუქტურული რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის შედეგად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ეკონომიკური ზრდა 5.2%-მდე გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 7%-მდე შემცირდება. თუმცა, გლობალურად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური შედეგი, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს", - ამბობს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.
პრესკონფერენციაზე მერსედეს ვერა-მარტინმა საბანკო რეგულაციებისა და მათი მოსალოდნელი ეფექტების შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემის ამოქმედების შედეგად, ქვეყანაში სესხის გაცემის სტანდარტი გამკაცრდა, რაც მომავალში დაკრედიტების ზრდის ტემპს უფრო მდგრადს გახდის.
"ფინანსური სექტორის რეგულირების პოლიტიკასთან მიმართებით კი, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლახანს მიღებული ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვას ემსახურება, უკვე მოჰყვა შედეგი, რაც სესხის გაცემის უფრო გამკაცრებულ სტანდარტზე გადასვლას გულისხმობს. ეს ცვლილება სავარაუდოდ, სესხების ზრდის ტემპს უფრო მდგრად დონემდე შეამცირებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა კრიზისული დაფინანსების ინსტრუმენტების განმტკიცებაზე; მას და სტრუქტურული რეფორმების დანერგვის ინიციატივას მივესალმებით", - განაცხადა მარტინმა.

























