საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ 2019 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ სამიზნედ განსაზღვრულ 3%-ზე მაღალი შეიძლება იყოს, რისი მიზეზიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდაა.
IMF-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6% იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, ის 5.2%-მდეც გაიზრდება.
"ჩვენი შეფასებით, რეფორმების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი, დადგენილ კურსს მიჰყვება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის მყარი. 2018 წელს ზრდამ 4.7%-ს მიაღწია, ინფლაცია კი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყო. 2018 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ზრდით ხასიათდებოდა ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავლები, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი.
2018 წელი ფისკალური დისციპლინით ხასიათდებოდა, წლის ბოლოს კი, სახელმწიფო ხარჯვის მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შემცირებულია, ჩვენ 2019 წელს საქართველოსთვის 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ, ხოლო ინფლაცია კი, მცირედით უფრო მაღალი იქნება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძირითადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.
სტრუქტურული რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის შედეგად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ეკონომიკური ზრდა 5.2%-მდე გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 7%-მდე შემცირდება. თუმცა, გლობალურად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური შედეგი, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს", - ამბობს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.
2019 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.1%-მდე გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა იყო. საქსტატის მონაცემებით, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე ფასები 21.1%-ით არის გაზრდილი, რაც ინფლაციის ზოგად დონეზე 1.4%-იანი წვლილით აისახება.

























