გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი რეალური გზა რუსეთის ეკონომიკურ გამოფიტვაზე გადის. მისი თქმით, ბრძოლები იქამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთს სამხედრო წარმოების დაფინანსება შეუძლია. კანცლერი თვლის, რომ დასავლეთმა აქცენტი არა სამხედრო წარმატებაზე, არამედ რუსული ეკონომიკის დასუსტებაზე უნდა გადაიტანოს.
მან დასავლელ პარტნიორებს რუსეთთან მოვაჭრე მესამე ქვეყნებისა თუ კომპანიებისთვის მკაცრი სანქციების დაწესებისა და ტარიფების შემოღებისკენ მოუწოდა. ის თვლის, რომ “მოსკოვის ომის მანქანას” სწორედ მსგავსი მკაცრი მიდგომა გააჩერებს. ეკონომიკური ზეწოლის მნიშვნელობაზე საუბრისას, მერცმა დიპლომატიური ძალისხმევის უშედეგობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებით უკან ვერ დაახევინებენ.
კანცლერმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპანსიონიზმით დაინტერესებული ქვეყნები მსოფლიო წესრიგს სრულად მოშლიან.




























