მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერცის თქმით, გერმანიის ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება მოსალოდნელზე რთული იქნება - Bloomberg

მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას წარმოიდგენდა. როგორც მან გერმანიის ქალაქ ოსნაბრუეკში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა სტრუქტურული კრიზისის წინაშე დგას.

"ამას თვითკრიტიკით ვამბობ, დავალება გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი წლის წინ წარმოვიდგენდით. ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკური სისუსტის პერიოდში ვართ, არამედ ეკონომიკის სტრუქტურული კრიზისის ეპოქაშიც", - განაცხადა მერცმა.

მერცის განცხადებასთან ერთად, Bloomberg წერს, რომ ევროპის უმსხვილესი ექსპორტიორი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ენერგეტიკის მუდამ მზარდი ხარჯების გამოწვევის წინაშე დგას, რასაც აშშ-ის სავაჭრო ტარიფები ემატება. 22 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შენელდა.

"კვირის ბოლომდე ყველა უნდა გამოვიდეს ილუზიებიდან იმის შესახებ, თუ რამდენად ღრმა და ფართოა გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ", - განაცხადა მერცმა ქრისტიან დემოკრატიული კავშირის წევრთა შეხვედრაზე, რომელიც საქსონში, Volkswagen-ის მშობლიურ მხარეში გაიმართა.

მერცმა აქვე აღნიშნა, რომ ავტომწარმოებლის მეორე კვარტალის შემოსავლების 36%-იანი კლება ეკონომიკური გამოწვევების შესახებ გზავნილებიდან ერთ-ერთია: "ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი კონკურენტუნარიანი აღარ არის. ხარისხი კვლავ მაღალია და კომპანიის ლიდერები გამოწვევებს უკვე ცნობენ, თუმცა არსებული პირობები ქვეყანაში საკმარისად კარგი უკვე ათი წელია, აღარ ყოფილა".

გასულ წელს კანცლერად არჩევის შემდეგ, მერცმა პირობა დადო, რომ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და ადგილობრივ ნაწარმზე მოთხოვნის გასაზრდელად შესაბამის რეფორმებს გაატარებდა. მისი მთავრობა გეგმავს, რომ ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადოს გზებისა და ხიდების მშენებლობასა და ქვეყნის წარმოების გაზრდაში.

23 აგვისტოს მერცმა ახალი საგადასახადო ინიციატივებიც დააანონსა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საშუალო ზომის კომპანიებისთვის გადასახადების დაწესების წინააღმდეგია. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული 15%-იანი ტარიფი გამოწვევა იქნება გერმანიის ეკონომიკისთვის, თუმცა არა იმდენად დიდი, რამდენადაც აშშ-სთან სავაჭრო ომი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები