მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მესაკუთრეები საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი მანქანების მომსახურების საფასურს არ იხდიან"

5c346a84ddab3
თამუნა დემეტრაშვილი
08.01.19 15:15
8556
მესაკუთრეები ,,112”-ის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი მანქანების მომსახურების საფასურს წლებია არ იხდიან, - ასეთ დასკვნამდე მივიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც უწყება შეამოწმა.

გენერალური აუდიტორი ასეთი ავტომანქანების სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის პროცესის გამარტივებას ითხოვს.

ბოლო მონაცემებით, ,,112”-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე 832 ავტომანქანა იმყოფება, საიდანაც 428, იქ 2014-2016 წლებიდან დგას, მათზე დარიცხულმა ჯარიმებმა და მომსახურების გადაუხდელმა თანხებმა კი, უკვე 860 ათას ლარს მიაღწია.

ავტოსადგომების გადატვირთვის გამო, უწყებას ახალი ავტოსადგომის იჯარით აღება დასჭირდა, რისთვისაც 2016-2018 წლებში 300 ათას ლარამდე უკვე დახარჯა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ,,112”-ს ახალი ავტოსადგომი კიდევ დასჭირდება, რაც უწყებას ხარჯებს გაუზრდის.

,,სსიპ „112“-ს არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე განახორციელოს სადგომზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია და რეალიზაციიდან ამონაგები თანხით დაფაროს მისი მომსახურების საფასური. ამასთანავე, სასამართლო წარმოება თითოეულ საქმეზე დიდხანს გრძელდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს მანქანების გადინება ავტოსადგომიდან და სსიპ „112“-მა შემოსავლები დროულად მიიღოს“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები