საქართველოში მესამე მსხვილი ბანკი ყალიბდება. ბაზისბანკმა ლიბერთი იყიდა. ფასი უცნობია.
1.5-წლიანი მოლაპარაკება წარმატებული მეორე ცდაზე აღმოჩნდა და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა BMG-თან განაცხადა, საბოლოოდ შეთანხმებაზე დასტური მარეგულირებელმა წინასააღდგომო პერიოდში გასცა.
აქტივების სიდიდით მეოთხე ბაზისბანკმა მესამე უმსხვილესი ლიბერთი ბანკი იყიდა. გარიგების შედეგად ჩინური "ჰუალინგ ჯგუფი” ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან ბანკის აქციათა 95.99%-ს გამოისყიდის. დანარჩენი აქციონერების საკუთრებაა და თუ ახალ მფლობელს 100%-იანი პორტფელის ფლობა სურს, მათგან გამოსყიდვა მოუწევს.
2026 წელს ირაკლი რუხაძის მიერ მსხვილი აქტივების გაყიდვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ტელეკომპანია "იმედის" შემდეგ რუხაძე ბანკს ემშვიდობება, თუმცა ამბობს, რომ მიღებულ თანხას "მიწაში არ ჩაფლავს" და სხვა საინვესტიციო პროექტებში ჩადებს, მათ შორის განიხილება ინვესტირება ფინანსური სერვისების სექტორშიც.
„ლიბერთის“ გაყიდვის გამო გარკვეულ სინანულს ვგრძნობ, რადგან ბანკის გუნდმა უდიდესი სამუშაო გასწია იმ შედეგამდე მისასვლელად, რაც დღეს გვაქვს. როდესაც ბანკი შევიძინეთ მისი აქტივები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 6.1 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. ადრე ბანკი მხოლოდ ერთი პროდუქტის მიკროკრედიტების გარშემო იყო ორიენტირებული. მას ჰქონდა საპენსიო სესხების უზარმაზარი პორტფელი, რომელთა საპროცენტო განაკვეთი უკიდურესად მაღალი 70-100% იყო. ჩვენ შევძელით ამ განაკვეთის შემცირება დღეს კი საპენსიო სესხები ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 10%-ს შეადგენს", - აცხადებს რუხაძე.
შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის აქტივების ზომა 11 მლრდ ლარზე მეტი იქნება, რაც მთლიანი საბანკო სისტემის 10.5%-ია. უფრო კონკრეტულად:
გარიგების შედეგად ქვეყნის საბანკო სისტემაში აქტივები ასე გადანაწილდება:
- საქართველოს ბანკი - 41,764,462,000 ₾ (39%)
- თი–ბი–სი ბანკი - 38,237,706,000 ₾ (36%)
- ბაზისბანკი (ლიბერთის შეძენის შემდეგ) - 11,183,743,000 ₾ (10.5%)
- კრედო ბანკი: 3,859,149,000 ₾ (3.6%)
- პროკრედიტ ბანკი: 2,254,152,000 ₾ (2%)
გაერთიანებული ბანკის გენერალური დირექტორი ბაზის ბანკის ხელმძღვანელი დავით ცაავა გახდება. ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მფლობელი ჩინური "ჰუალინგ გრუპია". თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს შეადგენს, ლიბერთი ბანკის აქტივების ზომა კი 6.1 მილიარდ ლარია. შერწყმის შედეგად აქტივების ზომა 11 მლრდ ლარს ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება ბაზრის წილს, ბაზის ბანკის წილი 4.7%-ია, ლიბერთი ბანკის კი - 5.8%. შერწყმის შემდეგ ბაზრის 10%-ზე მეტს დაიკავებენ.
ბაზისბანკისა და ლიბერთის ბანკის საკრედიტო პორტფელები ასე გამოიყურება: 3.57 მლრდ ბაზისბანკი, ხოლო 4.42 მლრდ ლარი ლიბერთი ბანკი. გაერთიანების შემდეგ მათი საერთო საკრედიტო პორტფელი 8 მლრდ ლარამდე გაიზრდება. დეპოზიტების მაჩვენებელი ამ ორი ბანკის ასეთია: ბაზის ბანკი - 3.6 მლრდ ლარი; ლიბერთი ბანკი 4.41 მლრდ ლარი; გაერთიანების შემდეგ დეპოზიტები 8 მლრდ ლარამდე გაიზრდება.
ლიბერთი ბანკი 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60 ათასზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ამას გარდა, ბანკს სახელმწიფო შემწეობებისა და პენსიის გაცემის უფლება 2030 წლამდე აქვს.
"კონკურენციის კუთხით ალბათ იქნება ხელშემწყობი ფაქტორი. მეორე მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მივიღებთ მესამე უმსხვილეს ბანკს. ლიბერთი ბანკი ისედაც სისტემური ბანკი იყო და რეალურად ამ ორი ბანკის გაერთიანებით უნდა ველოდოთ, რომ აქტივების მოცულობა 10 მლრდ-მდე გაიზარდოს. უნდა შევხედოთ უკვე ამ გაერთიანების პროცესში რა მოხდება", - ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
ახლა მთავარი კითხვაა, რა შეიცვლება მომხმარებლისთვის, თუმცა როგორც ბაზის ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. "ბაზისბანკის" მომხმარებლები მომსახურებას "ბაზისბანკში" მიიღებენ, ხოლო "ლიბერთი ბანკის" მომხმარებლები - "ლიბერთი ბანკში".
ცნობისთვის, ბაზისბანკის მიერ ლიბერთი შეძენაზე კვლევა ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ზაფხულში დაასრულა. დასკვნაში ეწერა რომ გაერთიანება ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული კონკურენციის დონეზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა. თურნავა პოზიცია არც ახლა გარიგების დასრულების შემდეგ შეუცვლია.
"რასაკვირველია, თუ შევადარებთ ზომით ორ წამყვან ბანკს, ზომა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ არის კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ ბაზარზე მესამე - უფრო სერიოზული მოთამაშე გაჩნდეს. კონკურენცია ყოველთვის კარგია, იმიტომ რომ პირველ რიგში, ის იწვევს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას საბანკო პროდუქტზე, უფრო მისაღები დანახარჯებით, მისაღები ფასებით, ანუ საპროცენტო განაკვეთების დაწევას, საკომისიოების შემცირებას და ა.შ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მესამე ბანკი, ახლა უკვე „ბაზისბანკი“ და „ლიბერთი“ ერთიანად, უფრო აქტიურები გახდებიან ბაზარზე და უფრო მეტად დაეტყობა ჩვენს ბაზარს გაზრდილი კონკურენცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებოდით და ახლაც მივესალმებით ამ გარიგებას", - ამბობს ნათია თურნავა.
შეთანხმება ხელმოწერილია, თუმცა საბოლოო შერწყმამდე ორივე ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გასაწევი. პირველ ეტაპზე მომხმარებლები ლიბერთის და ბაზის ბანკის მომსახურების მიღებას გააგრძელებ, თუმცა სამომავლოდ ბაზარზე ბაზის ბანკის ბრენდი უნდა დარჩეს.
"რეალურად, „ბაზისბანკი“ იძენს „ლიბერთის“ ყველაზე დიდ აქტივს — მასობრივ მომხმარებელს. ეს ნიშნავს, რომ ჩნდება მესამე დიდი მოთამაშე, რომელსაც არსებული ლიდერებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. ჩემთვის უფრო საინტერესოა ამ გარიგების სხვა ასპექტი: ეს გაყიდვა არ არის განპირობებული ბანკის ფინანსური მდგომარეობით. „ლიბერთის“ დამფუძნებელი აქტივიდან სავარაუდოდ მზარდი სასანქციო რისკების გამო გამოდის, თორემ ციფრებით ბანკს გასაყიდი არაფერი სჭირს ის მოგებიანია, გასული წელი 128 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა", - აცხადებს ბიზნესის მრჩეველი და პროგრამა Growth and Strategic Adviser-ის დამფუძნებელი მიხეილ გაფრინდაშვილი.
ფაქტია, რომ ჩინურმა ჰუალინგმა საქართველოს საბანკო ბაზარზე პოზიციები გაიმყარა და ახლა უკვე საქართველოს მესამე ყველაზე მსხვილ ბანკს ფლობს.
რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, ლიბერთი ბანკამდე, მან და მისმა პარტნიორებმა, რომლებიც Hunnewel Partners-ს წარმოადგენენ მიმდინარე წლის თებერვალში "იმედი" და მასთან ერთად GDS გაყიდეს. ტელევიზიის აქტივები, რომლებიც თბილისში ლუბლიანას ქუჩაზეა განთავსებული, "ლიბერთი ბანკის" იპოთეკით არის დატვირთული. გარდა "ლიბერთი ბანკისა", ტელევიზიას აქვს მნიშვნელოვანი სესხები რუხაძის ოფშორული კომპანიის მიმართაც.




























