მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მესაზღვრეს ზუსტი მითითება უნდა ჰქონდეს, ვის არ უშვებს ქვეყანაში” - ტურიზმის ბიზნესის პრობლემები და გამოსავლის გზა

64af9e089446a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.23 20:34
702
ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ, რომელიც თბილისში, გორში, ქუთაისში, ბაკურიანსა და გუდაურში სასტუმროებს მართავს, ქვეყანაში ტურისტების საზღვრის კვეთისას არსებულ სირთულეებზე გადაცემა #წერტილში ისაუბრა. მისი თქმით, არ შეიძლება მესაზღვრეები ხასიათის მიხედვით უშვებდნენ ქვეყანაში ტურისტებს.

მისი თქმით, საზღვრის კვეთის სირთულეს ძირითადად აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორები აწყდებიან. პაატა კოკაია აცხადებს, რომ მესაზღვრეს ზუსტად უნდა ჰქონდეს გაწერილი რა ნიშნით შეიძლება ქვეყანაში ტურისტი არ შემოუშვას.

„როგორც ვიცი, მთავრობაში ამ საკითხის <ელექტრონული ვიზების პორტალი> მოგვარებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ. სურთ, უწყებათშორისი საბჭოს შექმნა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო შევა.

არ შეიძლება, საზღვარზე ინდოელ თუ ჩინელ ტურისტს აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ ახსნა-განმარტების გარეშე, როცა ყველა საბუთი წესრიგში აქვს. გასაგებია, რომ საზღვარზე შეყოვნება ყველგან ხდება, მაგრამ იმიტომ, რომ მესაზღვრემ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, უცხოელი სახეზე არ მოეწონა და ამიტომ უკან გააბრუნა - ასე არ შეიძლება. მესაზღვრეს უნდა ჰქონდეს ზუსტი მითითება, ვის არ უშვებს ქვეყანაში“, - აცხადებს კოკაია.

„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი ტურიზმში მეორე კვარტლის შედეგებით უკმაყოფილოა და თვლის, რომ არსებულ რეალობაში, საქართველოში ევროპელი ტურისტების შემოდინება შემცირდება, ამიტომ ქვეყანამ აქცენტი აღმოსავლეთის ქვეყნებზე უნდა გააკეთოს.

"ყველამ ერთად - სახელმწიფომ და კერძო სექტორმა - უნდა ვიზრუნოთ და გავიხედოთ ინდოეთისკენ, ჩინეთისკენ, ტაილანდისკენ. საჭიროა, პირდაპირი ავიარეისების სიხშირის გაზრდა და პირველ რიგში, ელექტრონული ვიზების საკითხის მოგვარება.

ჩემი პროგნოზით, ივლის-აგვისტო-სექტემბერი ნორმალური სიტუაცია გვექნება, მაგრამ საბერძნეთივით არ უნდა ვიქცეთ... ახლა გვაქვს სამუშაო, რომ ამ სამი ან აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები. ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა და საერთოდ არ უნდა ვიძინოთ, თორემ ჩამოიშლება ტურიზმის ინდუსტრია, რადგან სასტუმროები ზამთარში, ფაქტობრივად, თავს ვერ ირჩენენ თბილისში და ვერც სხვაგან, გარდა ზამთრის კურორტებისა.

ვფიქრობ, მთლიანად აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ უნდა შევატრიალოთ ვექტორი, თან ძალიან სერიოზულად და სწრაფად, რადგან ამ ეტაპზე გადარჩენას მე აქ ვხედავ... ომის გამო ევროპელები მოგზაურობას უფრო ფრთხილად ეკიდებიან; იტალიელ ტურისტს ვერ ეტყვი, რომ ჩამოდი და ყველაფერი კარგად იქნებაო, როცა 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას“, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები