მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესისა და კასილასის შვილებს ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ ბალიშებზე სძინავთ

5cb1b577b7ef2
მარიამ ადამია
13.04.19 15:00
1254
მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიცაა, ლიონელ მესი, იკერ კასილასი და ჟორდი ალბა, შვილებისთვის, ქართველი დიზაინერის, ლელი ცისკარაულის მიერ შექმნილ აქსესუარს ირჩევენ.

ცისკარაული უკვე 12 წელია ბარსელონაში ცხოვრობს და ამ დროის მანძლზე შექმნა, საბავშვო აქსესუარების საკუთარი ბრენდი „Deco Sweet BCN“, რომლის პროდუქციასაც შვილებისთვის, ესპანეთში მცხოვრები წარმატებული ჟურნალისტები, სპორტსმენები და მსახობები ირჩევენ. ცისკარაულმა, საქართველო 2008 წელს დატოვა და მაგისტრატურაზე სასწავლებლად ბარსელონაში გაემგზავრა. სწავლის პარალელურად კი, მას მოუვიდა იდეა, შეექმნა ბავშვებისთვის საჭირო აქსესუარები. მათ შორის, ბალიშები, წინსაფრები, თეთრეული, ჩანთები და ეტლები. რაც მთავარია, ქართველი დიზაინერი ყველა ამ ნივთს ამზადებს მხოლოდ ერთხელ, ის აღარ მეორდება და მასზე ამოქარგულია ბავშვის სახელი ან მისი ინიციალები.

ქართული ბრენდი უცხოურ ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადი სამი წლის წინ გახდა, როდესაც ესპანეთის მეკარის, იკერ კასილასის მეუღლე, რომელიც ბარსელონაში ცნობილი სატელევიზიო წამყვანია, სარა კარბონერომ ლელის შეკვეთა მისცა და ბავშვისთვის ორი ბალიში დაამზადებინა. ხოლო მას შემდეგ რაც კასილასის მეუღლემ მიიღო აღნიშნული პროდუქცია, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რამაც ქართველი დიზაინერის პოპულარობა გაზარდა.

„მეორე დღესვე მივიღე შეტყობინება ლიონელ მესის მეუღლისგან, რომელმაც დიდი რაოდენობით შემიკვეთა საბავშვო ბალიშები და ჩანთები. ჩვენ ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მცირე დროში დავამზადეთ და მივუტანეთ. შედეგი მანაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას შემდეგ მწერენ 24 საათის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან,“- აღნიშნა ცისკარაულმა.

შედეგად, მხოლოდ ერთი თვის მონაცემებით, მან 280 შეკვეთა მიიღო და ბრენდის ცნობადობა გაიზარდა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები