სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა. საბაგიროები ყოველდღე, 10:00-16:00 მდე იმუშავებს. სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.
თეთნულდზე სულ არის 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ღია სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, 23 დეკემბერს კი ოფიციალურად გაიხსნება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო.
ახალი საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Doppelmayr”-ი. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.

























