მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიას ელექტროენერგია ისევ შეფერხებით მიეწოდება, ენერგეტიკოსები გამოსავალს გამრიცხველიანებაში ხედავენ

მთის ტურიზმი

წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა სვანეთის მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევაა. მესტიაში მდებარე სასტუმრო "ფალიანის" დამფუძნებელი BMG-სთან აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყო. ეკა გველესიანის თქმით, პარალელურად, უცხოელების მხრიდან ჯავშნები დაწყებულია, თუმცა გასული წლის გამოცდილებით, ჰოტელიერი არ გამორიცხავს, რომ უცხოელებმა სვანეთში ჩამოსვლა გადაიფიქრონ.

"ელექტროენერგიის გათიშვები უკვე დაწყებულია. პოზიციური მოლოდინი არ მაქვს. სავარაუდოდ, წელსაც ისე ჩავარდება სეზონი, როგორც შარშან. ჯავშნები არის, თუმცა გვაქვს პრაქტიკა, როგორ უქმდებოდა შარშან უშუქობის გამო ჯავშნები. იმედი გვაქვს, წელს ასე არ მოხდება, თუმცა ძალიან რთულია, როცა მხოლოდ იმედის იმედად ვართ", - აცხადებს ეკა გველესიანი.

ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტი მუდმივად დგას დენის მიწოდების პრობლემის წინაშე, მდგომარეობა კი ყოველ წელს მძიმდება. მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია. ენერგეტიკოსებს პრობლემის მოგვარების გზად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მიაჩნიათ. როგორც გია არაბიძე ამბობს, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ზღვარი დაუწესდეს, რომლის ზემოთაც მათ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევთ.

"მხოლოდ ადმინისტრირებით პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სვანეთის მოსახლეობამ, ფიზიკურმა და იურიდიულმა, ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს . დაწესდეს ზღვარი, რომლის ქვემოთაც მოსახლეობა საფასურს არ გადაიხდის და მას ზემოთ დაწესდეს გადასახადი. ამისთვის საჭიროა გამრიცხველიანება. უნდა ვიმოქმედოთ შემდეგნაირად: პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად განვუსაზღვროთ მოსახლეობას, რა რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარება შეუძლია მათ უფასოდ, ზედმეტი მოხმარების შემთხვევაში, გადაიხადონ საფასური", - აცხადებს გია არაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები