მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტების ფარგლებში უნდა მოეწყოს საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სხვა დაკავშირებული ობიექტები.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მესტიაში ახალი სტადიონი აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მონიჯნავედ, 14,458 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე მოეწყობა, ცაგერში კი ის აღმაშენებლის N71-ში არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 14,887 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე განთავსდება.
სამუშაოების საერთო ვადა 12 თვით განისაზღვრება, კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 9 მარტამდე შეეძლებათ.
"პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან დღემდე, არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 11,800,000 ლარის ღირებულების შენობა ან/და ნაგებობის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები", - ნათქვამია ტენდერის აღწერაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.




























