მაინერების ამოღების მიუხედავად, მესტიაში წელს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება. ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ "ენერგოპრო ჯორჯიაში" განუცხადეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის მოხმარებაზე სრული ინფორმაცია მოგვიანებით ექნებათ.
კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით მიხედვით, წელს 10 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 100 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიის მოხმარება:
- 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ;
-
2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ;
-
2022 წელი - 121,956,445 კვტ.სთ;
-
2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ;
-
2024 წელი - 124,692,913 კვტ.სთ;
-
2025 წელი - 132,991,906 კვტ.სთ;
-
2026 წელი (10 თვე) - 100 274,930 კვტ.სთ;
რაც შეეხება საბალანსო მრიცხველების მონტაჟს, "ენერგოპრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ჯამში 107 საბალანსო მრიცხველი დამონტაჟდება.
"საბალანსო მრიცხველების მონტაჟი კვლავ გრძელდება, დარჩა ხუთი მრიცხველის მონტაჟი. როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამ ხუთ მრიცხველსაც დავამონტაჟებთ. საერთო ჯამში 100-ზე მეტი მრიცხველი უნდა იყოს. ამ ხუთი მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ, დაახლოებით, 107 მრიცხველი გამოვა", - აცხადებენ კომპანიაში.
მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის პირველ ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებს შორის კოორდინაციის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძე განცხადებით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესი დაიწყებოდა. მისივე თქმით, სვანეთში არსებული ვითარება მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა აღარ არის და ფინანსურ ტვირთად აწვება ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასაც. მისივე ინფორმაციით, უკანონო კრიპტომაინინგის გამო წარმოქმნილი ჭარბი მოხმარების დასაფარად საქართველოს თითოეული აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადში ყოველთვიურად საშუალოდ დამატებით 1.5 ლარს იხდის.
7 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 22%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არაა.























