მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის 2 თემს კატასტროფულად გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო დენი გაეთიშა - მერია მიზეზებზე

მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მაინერების მფლობელებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.

უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება და მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

„ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა. მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება“, - წერია განცხადებაში.

მაინინგის გამო, ელექტროენერგიის პრობლემა მესტიაში არახალია. 2021 წელს მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს გათიშავდნენ.

„შესრულდა ეს რიტუალი, ხატზე დაფიცების, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მაინერები. დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ ამ თემაზე. ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც გვაქვს არის ის, რომ ამ ზომას მივმართეთ, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს, ეს პრობლემა არაფრით მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას ხატზე დაფიცების“.

შეგახსენებთ, ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 90,000 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები