მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ პასუხობს მგზავრთნაკადს - ახალი ტერმინალის 15 მილიონიანი ტენდერი

მესტია

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოაცხადა. ტენდერის, სავარაუდო ღირებულება 15.047 მილიონი ლარია.

ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებულია მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესრულება. პროექტის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი შენობა თანამედროვე საფასადე და შემინული სისტემებით იქნება აღჭურვილი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანახმად, არსებული ტერმინალი მცირე ზომისაა და ის გაზრდილ მგზავრთნაკადს ვერ პასუხობს, ხოლო ახალ ტერმინალს აშენების შემდეგ წლიურად 50,000 მგზავრის მომსახურება შეეძლება:

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. მესტიის აეროპორტის მოქმედი ტერმინალი მცირე ზომისაა და გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში არსებულ მოთხოვნას სრულად ვეღარ პასუხობს. ახალი ტერმინალის მშენებლობა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების პირობებს და აეროპორტს გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს,"- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

ტერმინალის შენობა ფუნქციურად მოიცავს შემდეგ სივრცეებს: მოსაცდელ დარბაზს, სარეგისტრაციო სივრცეს, ჩასხდომისა და მოფრენის დარბაზებს, ბარგის ცირკულაციის, გაცემისა და მიღების სივრცეებს, უსაფრთხოების საკონტროლო ზონასა და საოფისე ფართებს. პროექტზე არქიტექტურულმა კომპანია გრინ სტუდიომ იმუშავა.

  • გამგზავრების ზონა — 156 კვ.მ.;
  • მოფრენის ზონა — 109 კვ.მ.;
  • გამგზავრების დარბაზი — 160 კვ.მ.;
  • მოფრენის დარბაზი — 167 კვ.მ.;
  • საერთო ფართობი — 950 კვ.მ.;
  • კეთილმოწყობილი ტერიტორიის ფართობი, პარკინგის ჩათვლით — 11 600 კვ.მ.

ტენდერის პირობებით, მონაწილე კომპანიას 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გახსნის დღემდე ჯამში არანაკლებ 26 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული, დღგ-ის ჩათვლით.

ამასთან, პრეტენდენტს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი სირთულის მინიმუმ ერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 მილიონი ლარი იქნება, ან ორი შესაბამისი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება არანაკლებ 16 მილიონი ლარი უნდა იყოს.

მსგავსი სირთულის ობიექტებში ტენდერის დოკუმენტაცია ადმინისტრაციულ, კომერციულ, სოციალურ-კულტურულ და სატრანსპორტო დანიშნულების შენობებს მოიაზრებს, მათ შორის — აეროპორტებსა და სადგურებს.

ახალი ტერმინალის მშენებლობის კონკრეტული დასრულების ვადა ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის შესაბამისად განისაზღვრება.

წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები