მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის 4-მლნ-იანი ქონება უფუნქციოდ დგას, შენახვა კი, უკვე 1 მლნ დაჯდა

5b80f1328c95e
თელარა გელანტია
25.08.18 10:00
4031
„პრივატიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას ვაპირებთ“, - ასე უპასუხა რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას და ზოგადად, პრივატიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკას შეეხებოდა.

გიორგი ქობულია, ჯერჯერობით, მაინც „ახალ მინისტრად“ ითვლება და ამ განცხადების გაკეთებიდან 2 კვირაც არაა გასული, ამიტომ ვიდრე მამუკა ბახტაძის კაბინეტის ახალი წევრი, პირველი რიგში, „პრივატიზაციის აგრესიულ გეგმას“ გვაჩვენებს, შემდეგ კი - „აგრესიული პრივატიზაციის შედეგებს“, bm.ge ერთი კონკრეტული ობიექტით დაინტერესდა, რომელიც წლებია უფუნქციოდ არის და სახელმწიფოსთვის მხოლოდ ხარჯია.

ეს ობიექტი ე.წ. მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციაა, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში მოხვდა. მაშინაც ლარი გაუფასურების მიმართულებით ნახტომისებურად „ცურავდა“ და მაშინდელმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 25 თებერვალს მსხვილ ბიზნესმენებს ერთ-ერთ შეხვედრაზე, საპრივატიზაციოდ გამზადებული 16 ობიექტი წარუდგინა; მათ შორის იყო მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციაც.

ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ის ინფორმაციით, ერთსართულიანი ხის შენობა, დაახლოებით, 1000 კვ.მ მიწის ფართობზეა აგებული. შენობაში 7 საძინებელი, ამდენივე მისაღები ოთახი და აბაზანაა განთავსებული, ასევე, სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი და დაახლოებით 150 კვ მ.მისაღები ოთახი. სიდიდითა და განსხვავებული დიზანით გამოირჩევა პრეზიდენტისთვის დასასვენებელი ოთახები. მის ოთახს აბაზანასთან ერთად, საუნაც ესაზღვრება. შენობის მოპირდაპირედ, ორი დამხმარე ნაგებობა დგას, სადაც დაცვა და ტექპერსონალია განთავსებული.

მესტიის საპრეზიენტო რეზიდენცია დღემდე არ გაყიდულა!
Bm.ge-ის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს, რომ რეზიდენცია დღესაც საპრივატიზებო ობიექტს წარმოადგენს - ესაა მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში "ლენჰარში" მდებარე 11 310.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 - N5 შენობა-ნაგებობები.

სააგენტოს კითხვაზე - რამდენია ობიექტის საწყისი ფასი, წერილობით შემდეგი პასუხი მოგვწერეს: „ობიექტის საბაზრო ღირებულების დადგენა უზრუნველყოფილ იქნება ამავე ობიექტის პრივატიზების პროცესის ინიცირების ეტაპზე“.

აღნიშნული პასუხიდანაც ჩანს, რომ მთავრობის მიერ მესტიის რეზიდენციის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში ყოფნა, მხოლოდ ფორმალობაა და „აგრესიული პრივატიზაციის გეგმა“ ჯერ მოქმედებაში არაა მოსული; არც აქამდე იყო, რადგან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ობიექტის საწყის, საბაზრო ღირებულებასაც ვერ ან არ ასახელებენ;

თუმცა Bm.ge-ის ინფორმაციით, მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ქობულია „აგრესიულ პრივატიზაციაზე“ გადავა, შესაძლოა, ობიექტი უფრო ძვირადაც გაიყიდოს და ბიუჯეტში 4 მლნ-ზე მეტი შემოსავალი შევიდეს; ჯერჯერობით, კი მესტიის რეზიდენცია მხოლოდ ხარჯად აწევს ქვეყნას.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაბა მესტიაში, სოფელ ლენჰარში მდებარე ე.წ. საპრეზიდენტო რეზიდენციის შესანახად 2012 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, მთავრობამ 1 მლნ 190 ათას 51 ლარი დახარჯა.

კერძოდ, 2012 წლიდან მიმდინარე წლის 6 თვის ჩათვლით, შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ, რომლის საკუთრებაშიცაა აღნიშნული ქონება, 952 366 ლარი დახარჯა ობიექტის შენახვისთვის.

უფრო კონკრეტულად კი, საანგარიშო პერიოდში ე.წ. მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის დაცვისთვის დაიხარჯა 494 810 ლარი (2013 – 6 710 ლარი, 2014 – 124 800 ლარი, 2015 – 124 800 ლარი, 2016 – 114 300 ლარი, 2017 – 82 800, 2018 (6 თვე) – 41 400);

ამავე პერიოდში, უფუნქციოდ მყოფი ობიექტის კომუნალური ხარჯების მომსახურება 114 944 ლარი დაჯდა (2013 – 0, 2014 - 41 434 ლარი, 2015 – 31 451 ლარი, 2016 – 16 779 ლარი, 2017 – 16 637 ლარი, 2018 (6 თვე) – 8644 ლარი).

რაც შეეხება ხელფასებს, შპს აქტივების მართვის კომპანიამ 2013 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით 306 766 ლარის ხელფასი გასცა. (2013 – 21 000 ლარი, 2014 – 90 800 ლარი, 2015 – 79 948 ლარი, 2016 – 27 846 ლარი, 2017 – 59 448 ლარი , 2018 (6 თვე) – 27 725 ლარი).

Bm.ge კომპანიისგან ასევე ელოდება, ხელფასების სახით გაცემული თანხის ჩაშლას - ვისზე გაიცემა ხელფასები უფუნქციო ობიექტში.

გარდა ამისა, „სხვა ხარჯებისთვის“ შპს „აქტივების მართვის კომპანიამ“ 35 846 ლარის ხარჯი გასწია.

შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ინფორმაციითვე, 2013 წლის 14 იანვრიდან 2013 წლის 5 დეკემბრამდე ე.წ საპრეზიდენტო რეზიდენცია შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ საკუთრებას წარმოადგენდა და ამ პერიოდში დაცვის, ხელფასისა და კომუნალური გადასახადების ხარჯებმა 237 685 ლარი შეადგინა. საინტერესოა ისიც, რომ თუ ობიექტი მხოლოდ 2013 წლის 14 იანვრიდან 2013 წლის 5 დეკმებრამდე იყო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ საკუთრებაში, რატომაა 2016 და 2017 წლებშიც სახელფასო ხარჯები გაწეული ბიუროს მიერ, რაც ქონების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

ცნობისთვის: შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შვილობილი კომპანიაა, ხოლო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ კი, თავის მხრივ არის სახელმწიფოს 100% წილით დაფუძნებული შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ შვილობილი კომპანია, რომლიც ფლობს უძრავი ქონების აქტივებს და ახორციელებს მათ ეფექტურ მართვა-განკარგვას საზოგადოებრივი და პარტნიორების ინტერესის გათვალისწინებით;

თუმცა როგორც ჩანს, სახელმწიფო შპს-ს მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის მართვა არც ისე ეფეტურად გამოსდის, რადგან ოფიციალურად, ობიექტს 2015 წლიდან ყიდის, მაგრამ ვერ გაყიდა და 5.5 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო რეზიდენციის 4-მლნ-იანი ქონება უფუნქციოდ დგას და გადასახადის გადამხდელებს მისი შენახვა უკვე 1 მლნ ლარი დაუჯდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები