მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

meta

ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე ხარჯების მკვეთრი ზრდის ფონზე, Meta ობლიგაციების გამოშვებით $20 მილიარდიდან $25 მილიარდამდე მოცულობის თანხას მოიზიდავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სასესხო ვალდებულებების ორი მესამედი აშშ დოლარში, ერთი მესამედი კი ევროში გამოიცემა. საკითხში ჩახედული წყაროების ცნობით, ობლიგაციების საბოლოო ფასი სამშაბათს განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა Meta-ს საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი AA- დონეზე „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ გააუარესა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზად მასშტაბური კაპიტალური დანახარჯებითა და თავისუფალი ფულადი ნაკადის უარყოფითი მაჩვენებლით გამოწვეული გაურკვევლობა დაასახელა.

ინფორმაციისთვის, მესამე კვარტალის ანგარიშის თანახმად, Meta-მ წლიური კაპიტალური დანახარჯების საპროგნოზო ქვედა ზღვარი $5 მილიარდით გაზარდა და ის $135 მილიარდიდან $145 მილიარდამდე განსაზღვრა. ამასთან, გასულ კვარტალში კომპანიის თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა უარყოფითი $2.12 მილიარდი შეადგინა.

შეგახსენებთ, Meta-მ ობლიგაციების გამოშვებით $25 მილიარდი მიმდინარე წლის აპრილშიც მოიზიდა. ხელოვნური ინტელექტის ინიციატივების დასაფინანსებლად კი კომპანია ჯამურად კიდევ $95 მილიარდს მოიზიდავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები