მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta კომპანია Broadcom-ისაგან 1 გიგავატის მოცულობის AI ჩიპებს შეიძენს

meta

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ კომპანია Broadcom-თან შიდა მოხმარების ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე თანამშრომლობა 2029 წლამდე გაახანგრძლივა. შეთანხმების ფარგლებში მარკ ზაკერბერგის კომპანია Broadcom-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ 1 გიგავატის სიმძლავრის ჩიპებს შეისყიდის.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში Meta-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოკ ტანი დატოვებს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება.

როგორც ირკვევა, ახალი თაობის MTIA ჩიპები 2-ნანომეტრიან არქიტექტურაზე იქნება აგებული. მარკ ზაკერბერგის განცხადებით, ეს პარტნიორობა კომპანიას სუპერინტელექტის უზრუნველსაყოფად საჭირო მასშტაბური გამოთვლითი ინფრასტრუქტურის აშენებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე Broadcom-ის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა, თუმცა Meta-ს ფასი უცვლელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Meta ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით $135 მილიარდის დახარჯვას აპირებს. როგორც ცნობილია, Nvidia-ს ძვირად ღირებულ გრაფიკულ პროცესორებზე მკვეთრად დამოკიდებული კომპანია გაცილებით იაფი ალტერნატივების შექმნაზე ინტენსიურად მუშაობს. ამ სტრატეგიის ფარგლებში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ბოლო თვეებში მსხვილი კონტრაქტები სხვა კომპანიებთანაც გააფორმა, მათ შორის, AMD-სთან, ვისგანაც 6 გიგავატის სიმძლავრის ჩიპებს შეისყიდის. მსგავსი შეთანხმება გაფორმდა ბაზარზე ახლად გამოჩენილ Arm Holdings-თანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები