მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეტად გავზრდით სუბსიდიებს" - პრემიერის ამ განცხადებაზე განმარტებას მინისტრი აკეთებს

5cd9db60b3a75
თელარა გელანტია
14.05.19 01:01
1067
„მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში აგროსაინვესტიციო ფორუმზე განაცხადა და ამ სიტყვებით ჩაის კულტურის და ასევე, მევენახეობის სუბსიდირების ზრდა დაანონსა.

„ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ ნიშნულამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით. სამეგრელოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები. სამწუხაროდ, არ არსებობდა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ეს პოტენციალი სრულად წარმოგვეჩინა. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ კუთხეში“, - განაცხადა პრემიერმა.

Bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რა სახის და რა მოცულობის სუბსიდირებაზე იყო საუბარი, მაგრამ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, პრემიერი დარგის მხარდაჭერას გულისხმობდა.

„არანაირ სუბსიდირებაზე არ არის საუბარი. პრემიერმა იგულისხმა ჩაის გადარჩენისა და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის სახელმწიფო პროგრამები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერა“, - განმარტეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა მოგვიანებით, უფრო ვრცელი და დეტალური განმარტების გაკეთება ისურვა თავად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რადგან პირველადი კომენტარიდან ისე ჩანდა, რომ საერთოდ სუბსიდირება არ იგეგმებოდა.

კერძოდ, ლევან დავითაშვილის განმარტებით, პრემიერი გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების გაზრდას ორ სექტორში - მეჩაიეობასა და მევენახეობაში.
„პრემიერმა თქვა ზუსტად ის, რაც იგეგმება; მითუმეტეს ადამიანი იყო ფინანსთა მინისტრი და ზუსტად იცის, რას ნიშნავს სუბსიდირება და რას - არ ნიშნავს. სუბსიდირება არის ნებისმიერი თანადაფინანსების პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ბუნებრივია, ის გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებას ორ სექტორში, რომელიც გაგრძელდება და გაიზრდება. ეს იყო ნათქვამი მათ შორის იმ კონტექსტში, რაზეც ჰქონდა საუბარი - ორი თემა იყო, რომელსაც შეეხო პრემიერი; ერთი - ეს იყო ჩაის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მისი გადახედვა და გარკვეული თანადაფინანსების გაზრდა მოიაზრება და გვინდოდა, რომ ჩაგვეტარებინა შეხვედრა ფერმერებთან, დარგის ექსპერტებთან და მათი შენიშვნები და მოსაზრებები გაგვეთვალისწინებინა. კომენტარები ამ პროგრამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვესმოდა; იყო რაღაც მოსაზრებები, რომ მეტი დახმარება იყო საჭირო და საინვესტიციო ფორუმის მეორე დღე ეხებოდა სწორედ ჩაის სექტორს, - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ შესაძლოა, წელსვე „ქართული ჩაის“ პროგრამის არსებული ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი 1 მლნ ლარამდე გაიზარდოს.

„ჩაის სექტორის დახმარებას ჩვენ ვაგრძელებთ. საკითხის განხილვა იგეგმებოდა პრაქტიკოს მონაწილეებთან. ეს იქნებოდა ფერმერები, გადამამუშავებელი სექტორის წარმომადგენლები და ა.შ. თუ რა კომპონენტის დამატება იყო შესაძლებელი ამ პროგრამისთვის ან შეიძლება არც - არაფერი... ყოველ შემთხვევაში, ეს იყო დისკუსია და მეორე თემა, რაზეც იყო საუბარი, შეეხებოდა იმას, რომ მთავრობამ პროექტში - „დანერგე მომავალი“ შეიტანა ცვლილებები და საღვინე ვაზის ჯიშების ვენახების დაფინანსება დაიწყო ქვეყანაში ანუ მევენახეობის სექტორის დამატებითი სუბსიდირება და ეს არ გულისხმობს ფასნამატს ყურძენზე, მაგრამ თვითონ სექტორის სუბსიდირებას ქვეყანა გააგრძელებს და გაზრდის. ამაზე საუბრობდა პრემიერი. ესაა ჩემი განმარტება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ იმ სახის სუბსიდირებას, რომელიც კონკრეტულ პროდუქციაზე ფასნამატს გულისხმობს, არც თავად ეთანხმება.

„ფასნამატი კონკრეტულ პროდუქციაზე - ასეთი სახის სუბსიდირება არ ქმნის სწორ სტიმულებს. დარგის სუბსიდირება კი, ეს არის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების თითქმის ერთადერთი პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტი, რომელსაც დედამიწაზე ყველა ქვეყანა აკეთებს; ყველა სოფლის მეუნრეობის სამინისტრო აკეთებს. ესაა სხვადასხვა ტიპის თანადაფინანსების ინსტრუმენტების ქონა იმისთვის, რომ განვითარდეს დარგი... პრემიერს არაფერი შეშლია. პრემიერის გადაწყვეტილება არის მთავრობის გადაწყვეტილება და ის არის შესასრულებელი. ბუნებრივია, მას ვერ შეეშლებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები