ფეროშენოადნობებისთვის 2025 წელიც კრიზისული იყო. 11 თვის მონაცემებით, ფეროშენადნობების ექსპორტი 35%-ით შემცირდა და 207 მლნ დოლარი შეადგინა.
დარგს გამოცოცხლება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჰქონდა, როდესაც საწარმოებმა სეზონზე, იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის შემდეგ, ამუშავება ნაწილობრივ შეძლეს. თუმცა, მსოფლიო ბაზარზე მეტალის პროდუქციაზე კვლავ დაბალი მოთხოვნა ნარჩუნდება.
"ოთხი წელია, რაც ჩვენს დარგში კრიზისია. ეს წელიც არ იყო ადვილი ამ დარგში მომუშავე ბიზნესმენებისთვის. მოთხოვნა მეტალის პროდუქციაზე მსოფლიოში კვლავ დაბალია. ფასების მცირე მატება იყო ზაფხულის პერიოდში, ახლაც უმნიშვნელოდ მოიმატა ფასმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მთელი დატვირთვით ამუშავდეს ქარხნები ან გაჩერებული ქარხნები ამუშავდეს.
ზაფხულის პერიოდში ქარხნების გარკვეული რაოდენობა ჩაირთო, დაიწყეს ოპერირება, მაგრამ ახლა შემოდგომა-ზამთრის პერიოდია. ზაფხულში იაფიანი ელექტროენერგია გვქონდა, ახლა ფასმა კი მოიმატა პროდუქციაზე, მაგრამ ელექტროენერგიაზე ფასი გაიზარდა, შესაბამისად, წარმოების თვითღირებულებაც გაიზარდა" - ამბობს “ფეროშენადნობთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ფეროსილიკონმანგანუმის ფასი ტონაზე 1000-1200 დოლარის ფარგლებშია, მაშინ, როცა 2022 წელს ეს ფასი 2500 დოლარი იყო.
"მომავალი წლის დასაწყისში რამე უკეთესობის ტენდენცია არ ჩანს. ყველაფერი დამოკიდებულია მსოფლიოში და უფრო კონკრეტულად ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან დიდწილად ჩვენი დარგის მომავალი დამოკიდებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე" - განმარტავს ნუგზარ კევლიშვილი.
მისივე ცნობით, მიმდინარე პერიოდში სრული დატვირთვით მხოლოდ 3 საწარმო მუშაობს, მაშინ როცა ზაფხულში მათი რაოდენობა 8-ს აღწევდა.
"გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წყალუხვი პერიოდია, ჰიდროელექტროსადგურები მუშაობენ და დენი იაფია. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი ჰესები ნაკლები დატვირთვით მუშაობენ, სახელმწიფო ახორციელებს იმპორტს, რაც 30-40%-ით ძვირია. ველოდებით ისევ გაზაფხულს და იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, რაც ყველა საწარმოს საშუალებას მისცემს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს" - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.




























