უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, უცხოელი სტუდენტების ნაკადი ძირითადად კერძო სექტორში გადაინაცვლებს. აღნიშნულ პროცესს განათლების ექსპერტი და თსუს ასოცირებული პროფესორი აფასებს და იმ რისკებზე საუბრობს, რაც გაზრდილ მოთხოვნას შეიძლება მოჰყვეს.
ირინა დარჩიას განმარტებით, კერძო უნივერსიტეტები საერთაშორისო ბაზარზე მეტ-ნაკლებად წარმატებით ოპერირებენ და მათი დიპლომები, განსაკუთრებით მედიცინის მიმართულებით, უცხოეთში ღირებულება. შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ კერძო სექტორში მოუწევთ სწავლა.
როგორც ექსპერტი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კერძო უნივერსიტეტები ამ გადალაგებით მოგებიან პოზიციაში არიან, ჩნდება კითხვა რამდენად აქვთ სტუდენტების გაზრდილი ნაკადებს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამოთავისუფლდება, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყონ.
“კერძო უნივერსიტეტები მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებენ განათლების საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებას. არის რამდენიმე უნივერსიტეტი, რომლებიც არიან უკვე ძალიან აღიარებული, პრესტიჟული და მათი დიპლომი უცხოეთში ნამდვილად, განსაკუთრებით მედიცინის დიპლომი უცხოეთში ნამდვილად ფასობს.
სხვა უნივერსიტეტებს შედარებით ასეთი კარგი პოზიციები არ აქვთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კერძო უნივერსიტეტების მიერ გაცემული მედიცინის დიპლომები არ აღიარდება - მათ ჯერჯერობით მაინც პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა პროცესი ძალიან ახლად დაწყებულია და ნუ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
შესაბამისად, აპრიორი ვერ ვიტყვით, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზე იმოქმედებს ის ფაქტი, რომ კერძო უნივერსიტეტებში მოუწევთ მხოლოდ სწავლა. მედიცინას ვგულისხმობ ძირითადად, რადგან სავარაუდოდ შეზღუდვები ძირითადად მედიცინას შეეხება. თუმცა, არის გარკვეული ქვეყნები, სადაც კერძო უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომების აღიარება შედარებით უფრო რთულია ხოლმე. ალბათ გარკვეულ სეგმენტზე ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ეს იქნება დამოკიდებული თავად ამ კერძო უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომების ვარგისიანობაზე და ხარისხზე, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს ბუნებრივია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
აქვე რა მინდა ვთქვა. ერთი შეხედვით, კერძო უნივერსიტეტები არიან მომგებიან მდგომარეობაში აი ამ გადალაგებით, თუმცა, რახან მე ადრეც ვახსენე და ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, მათი რესურსები არის შეზღუდული და ჩნდება კითხვა - რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ სტუდენტების ის დიდი ნაკადი, რომელიც გამოთავისუფლდება სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, გადანაწილდეს ამ კერძო უნივერსიტეტში? და რამდენად შეძლებენ ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფას ეს კერძო უნივერსიტეტები გაზრდილი სტუდენტბრუნვის შემთხვევაში? იმიტომ რომ სწავლების ხარისხი, როდესაც სტუდენტი არის იმაზე მეტი ვიდრე რესურსი, ბუნებრივია იკლებს”,- აცხადებს განათლების ექსპერტი და თსუს ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია.




























