მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეთოდოლოგია, რომლითაც საარსებო მინიმუმს ითვლიან, 90-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა"

5bc7357fa3047
ნინი თურქია
17.10.18 17:12
1057
ეკონომისტი ირაკლი მაკალათია Bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმის დასათვლელად იყენებს „90-იანი წლების გადმონაშთია“.

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშება მინიმალური სასურსათო კალათისა და მინიმალური არასასურსათო კალათის ღირებულების შეკრებით ხდება. პირველ სასურსათო კალათაში შედის 40 დასახელების პროდუქტი, რომლის დღიური კილოკალორიის ჯამი 2300 -ის ტოლია და მასზე კალათის 70% მოდის. ისინი ანგარიშობენ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებას. შემდეგ პროპორციის (70/30 -ზე) დახმარებით არასასურსათო კალათის ღირებულებას ითვლიან, რომელიც კალათის მხოლოდ 30%-ს შეადგენს და მათი შეკრების შედეგად იღებენ საარსებო მინიმუმს“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

მისივე თქმით, ეს მეთოდოლოგია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან, მაკალათია დაძენს, რომ აუცილებელია, კალათა იყოს უფრო მრავალფეროვანი, უფრო მეტ კილოკალორიას მოიცავდეს და არ იყოს 70/30 - ზე გადანაწილებული.

„მეთოდოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობენ 90-იანი წლებიდან არ შეცვლილა. საარსებო მინიმუმის დაბალ დონეს კალათის პროცენტული წილის არასამართლიანი განაწილება იწვევს. არასასურსათო კალათაზე მხოლოდ 30% მოდის და ამ დროს მასში ისეთი ნივთები შედის, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსახმელი, არასასურსათო მოხმარების პროდუქტი... ეს არაადეკვატურია იმ რეალობასთან, რა რეალობაც ქვეყანაშია“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად საარსებო მინიმუმი 2017 წელთან შედარებით გაზრდილია. მაკალათიას განცხადებით, ზრდა ინფლაციის მატებამ და 40-მდე დასახელების პროდუქტზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები