მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეტრო ავრასია" დიმიტრი ქუმსიშვილთან პარტნიორულ ურთიერთობას წყვეტს - განცხადება

61e93677e005f
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.22 14:20
7089
დღეს ჰოლდინგმა “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ", რომელიც თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის მიერ არის დაფუძნებული, გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სადაზღვევო ბაზარზე ჰოლდინგთან დაკავშირებულ კომპანია “გრინ დაზღვევა საქართველოს” უკავშირდება. სადაზღვევო კომპანიაში ინვესტირება “მეტრო ავრასიამ” მოახდინა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა.

როგორც “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” აცხადებს, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარტნიორული ვალდებულებები არ შეასრულა და მონაწილეობა მიიღო გარიგებაში, რომელსაც ჰოლდინგი “საეჭვოს” უწოდებს, ამის გამო “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” მასთან პარტნიორულ ურთიერთობას წყვეტს.

“2020 წლის 7 თებერვალს სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებმა“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღეს თანხმობა სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ.

მალევე განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი, რის შედეგადაც, კომპანიამ „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA” -ს სახელით გააგრძელება ოპერირება და ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგა. ამასთან, სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს ძალისხმევით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით და ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ განთავსებული კაპიტალი 10,051,059 ლარამდე, ხოლო ნებადართული კაპიტალი 15 000 000 ლარამდე გაიზარდა. აქციონერი - სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ აცხადებდა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობდა კომპანიის სწრაფ განვითარებას და გარდაქმნას.

შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ რომლის დამფუძნებელ ბენეფიციარს დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოადგენდა, სადაზღვევო კომპანის წილის შესყიდვა სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს მიერ გაცემული სესხის საფუძველზე მოახდინა.

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ვადამოსული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საეჭვო გარიგებებში დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობამ (შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“-ს 100% წილის დაჩქარებულ რეჟიმში გასხვისებამ) სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ აიძულა მიეღო გადაწყვეტილება, დიმიტრი ქუმსიშვილთან პარტნიორული ურთიერთობის შეწყვიტის თაობაზე.

სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს დირექტორის რაულ კახაძის განხადებით, კომპანიამ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენა, რათა თავიდან აერიდებინა პარტნიორთა შორის არასაიმედო და დაძაბული მდგომარეობა, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ დიმიტრი ქუმსიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უშლის/აფერხებს სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ს განვითარებას. ვინაიდან სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ს აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდაა დაშვებული, კომპანიას აკისრია მაქსიმალური გამჭვირვალობის ვალდებულება, მათ შორის მესაკუთრე ბენეფიციარების მიერ განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში. შესაბამისად „მეტრო ჰოლდინგი“ ასრულებს ყოველგვარ პარტნიორულ ურთიერთობას დიმიტრი ქუმსიშვილთან, მასთან აფილირებულ შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებთან“ და ასაჯაროებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა არ მოხდეს მეტრო ჰოლდინგისა და დამფუძნებელი ბენეფიციარის - გალიფ ოზთურქის სახელის დაკავშირება ზემოხსენებულ საეჭვო შინაარსის გარიგებებთან. რაულ კახაძე აზუსტებს, რომ "მეტრო ჰოლდინგი" დამოუკიდებლად, დიმიტრი ქუმსიშვილის გარეშე გააგრძელებს სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებას.

შეგახსენებთ, „მეტრო ჰოლდინგი“ დღეის მდგომარეობით 50-მდე კომპანიას აერთიანებს და დაარსების დღიდან მუდმივად იზრდება, როგორც რაოდენობრივად, ასევე განხორციელებული ინვესტიციების თვალსაზრისით. არსებული მოცემულობით, მეტრო ჯგუფის მიერ განხორციელებულ ინვესტიციათა რაოდენობა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. მრავალფეროვანია კომპანიის საქმიანობის სფერო: სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა, ტურიზმი, სავაჭრო ცენტრების მართვა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზაცია, სამედიცინო ტურიზმი, დაზღვევა, ფინანსური ინსტიტუტების ოპერირება და სხვა.

"მეტრო ჰოლდინგის" დამფუძნებლის გალიფ ოზთურქის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი საქველმოქმედო და მსხვილი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის მიმდინარე წელს გაჟღერებული ახალი პროექტები: 242 მეტრის სიმაღლის მრავალფუნქციური კომპლექსი „ვესთ თაუერი“ ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ რომლის საწყისი საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ასევე ბათუმის „ტექნო პარკი“-ს მშენებლობა, ჯამური ინვესტიციო ღირებულებით - 250 მილიონი დოლარი,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

BMG საკითხთან დაკავშირებით “გრინ დაზღვევა საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილს დაუკავშირდება.

სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკის თანახმად, “გრინ დაზღვევა საქართველომ” 2021 წლის 9 თვეში 2,270,000 ლარის პრემია მოიზიდა, რითაც სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანიას შორის ბოლო ადგილს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები