მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო "სადგურის მოედნის" გვირაბში შესაძლოა, ნაკადის ამაჩქარებელი ესკალატორები დამონტაჟდეს - დეპუტატი

63d3cf849f09b
ანუკა ჯოხაძე
27.01.23 17:25
4911
EBRD საქართველოს 51 მლნ ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს. განკარგულების პროექტი დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თანხით, დედაქალაქში 12 მეტროსადგურის მოდერნიზება განხორციელდა.

როგორც საკრებულოს წევრი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ოთარ გრიგოლია ამბობს, თანხები მეტროს გამტარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული. მისივე თქმით, მეტროსადგურებში მთავარი პრობლემები სადგურის გადასასვლელ ხიდსა და რამდენიმე მეტროსადგურის ჩასასვლელში იქმნება. გრიგოლიას განმარტებით, მეტროსადგურების ჩასასვლელებში ტურნიკეტების რაოდენობის ზრდა გეგმაშია, თუმცა სადგურის მოედნის გადასასვლელ ხიდთან მიმართებით უფრო მასშტაბური ინვესტიცია იქნება საჭირო, რაშიც EBRD-ის სესხი იქნება მიმართული.

“გამტარობის პრობლემა ვაგონებს არ აქვს, სისწრაფე არის საკმარისი, რომ ნაკადი გაიყვანოს, მაგრამ პრობლემა გვაქვს ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელ გვირაბებში. ვფიქრობთ, სადგურის მოედნის გადასასვლელთან მიმართებით, დიდი ინვესტიციებია საჭირო”, - ამბობს გრიგოლია.

კითხვაზე, თუ რა ვერსიები განიხილება სადგურის მოედნის გადასასვლელ ხიდზე გამტარუნარიანობის გასაზრდელად, ოთარ გრიგოლია გვპასუხობს, რომ შესაძლოა, განხორციელდეს როგორც ინფრასტრუქტურული ჩარევა, ისე ადგილზე დამონტაჟდეს ნაკადების ამაჩქარებელი ჰორიზონტალური ესკალატორები.

“ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ერთმნიშნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ამაჩქარებლები არის ჰორიზონტალური ესკალატორები, იგივე დახრილი ლიფტები, რომლებიც დიდ ნაკადს უფრო სწრაფად გადაიყვანს და ნაკადის პრობლემა მოიხსნება - სწორედ ეს განიხილება ერთ-ერთ ვერსიად”, - აცხადებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები