„გარევაჭრობის მიმართულებით ყველა მეტროსადგურის მიმდებარედ მდგომარეობა მოწესრიგებულია.“ - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა ისაუბრა.
მისი თქმით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგიც.
„საჯარო სივრცეების შეზღუდვა ინტენსიურად ხორციელდებოდა, ეს ხელს უშლიდა როგორც მოქალაქეების გადაადგილებას, ისე ადგილი ჰქონდა გარემოს დაბინძურების ფაქტებს. ამ კუთხით ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა გვქონდა სადგურის მეტროს მიმდებარედ და დღეს აღნიშნული მიმართულებითაც მდგომარეობა მოწესრიგებულია. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარევაჭრობის მიმართულებით ყველა მეტროსადგურის ტერიტორიაზე მდგომარეობა მოწესრიგებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ სჭირდება 24 სთ-იან რეჟიმში მონიტორინგი, რაც გრძელდება,“ - აღნიშნა ჩიქოვანმა და აქვე სამშენებლო ობიექტებზე არსებული მონიტორინგის შედეგებზეც ისაუბრა.
როგორც ჩიქოვანი აცხადებს, მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს კონტროლს როგორც სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების, ისე უკანონო მშენებლობების ნაწილშიც.
„სამშენებლო სექტორის კუთხით ძალიან ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულება გვაქვს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას. თუ შევადარებთ 10 წლის წინანდელ სტატისტიკას რა გვქონდა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის ტრაგიკული შემთხვევების მხრივ რაც ხდებოდა, ვნახავთ, რომ დღეს აღნიშნული საკითხი ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მოგვარებულია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ უნებართვო მშენებლობების ნაწილსაც, აქაც ხშირად ჰქონდა ადგილი სახელმწიფო მიწებზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან თაღლითობას. დღესაც შეიძლება ეს არის, თუმცა მართვადია. ჩვენ კონკრეტულ ღონისძიებებს ვატარებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტიანი კონტროლი დამყარებულია.
კიდევ ერთი საკითხი რომელსაც მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს ეს არის სამშენებლო ამნისტია, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად მოხდება 2000-მდე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, რომელიც წლების წლების წინ დარღვევებით იყო წარმოებული,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.