მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროს გვირაბის 1 კმ-ის მშენებლობა, სავარაუდოდ, $70-80 მლნ დაჯდება - მერია ახალი სადგურების მშენებლობას განიხილავს

მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა. ორი ახალი სადგურის დამატება ვარკეთილის და გლდანის მიმართულებით იგეგმება.

BMG დაინტერესდა, რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში, რაზეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი ამბობს, რომ ეს ვარკეთილის და გლდანის სადგურების გადატვირთულობას უკავშირდება.

"ამ ეტაპზე, გამოცხადებულია პირველი ძირითადი ხაზის დაგრძელების პროექტთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა. ეს პროექტი იგეგმება და მოიცავს ორივე მიმართულებით, ანუ როგორც ვარკეთილის, ასევე გლდანის მიმართულების ხაზის დაგრძელებას. თუ რატომ, ამაზე პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ ქალაქი ვითარდება, მეტრო აშენებულია კომუნისტების დროს, მორგებული იყო იმ პერიოდში დაგეგმილ განაშენიაბებაზე. რომ გადახედოთ გლდანის ან ვარკეთილის მეტროებს, ბოლო გაჩერებები ისედაც გადატვირთულია ბოლო სადგურები, გარდა ამისა, უშუალოდ ეს სადგურები დასახლების თავშია და შესაბამისად, მთელი ნაკადი ამ ბოლო სადგურებზე მოედინება. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, მარტივი განსასაზღვრია, რომ ყველაზე გადატვირთული ეს ბოლო სადგურებია. დაგრძელებები ხელს შეუწყობს ამ ბოლო სადგურების განტვირთვას და რა თქმა უნდა, მგზავრებისთვის მომსახურების ხარისხი გაიზრდება. რაც შეეხება ახალ სადგურებს, ადგილები ჩვენს მიერ კონცეპტუალურად შერჩეულია, მაგრამ დეტალური პროექტირების ეტაპზე განისაზღვრება, სად გაკეთდება. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია", - ამბობს გიორგი შარკოვი.

ამასთან, BMG დაინტერესდა, რა შეიძლება იყოს მეტროსადგურების დამატების სავარაუდო ღირებულება. გიორგი შარკოვი 1 კილომეტრზე სავარაუდო ხარჯად 70-80 მილიონ დოლარს ასახელებს.

"ბოლო 3-4 წლის წინანდელი ფასებით, რაც გვქონდა მოძიებული, მიწისქვეშა განლაგების 1 კილომეტრი ხაზის მშენებლობა 60-დან 100 მლნ დოლარამდე ჯდებოდა. აქ ბევრი დეტალია, ლანდშაფტს, განლაგებას, კვეთებს და ა.შ. მნიშვნელობა აქვს, ბევრი ნიუანსია. ჩვენი პროექტის შემთხვევაში ბაზრის კვლევა აჩვენებს. კილომეტრის ფასს სადგურიანად 70-80 მილიონი დოლარის ფარგლებში ვვარაუდობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია", - ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, კონცეპტუალური გეგმის შეთანხმების ეტაპზეა მარჯანიშვილის და ახმეტელის თეატრის მეტროების მეორე ამოსასვლელების მოწყობა.

"რაც შეეხება უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას, ესეც მიმდინარე პროექტია, ADB-ის დაფინანსებით მიმდინარეობს ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელის მოწყობის პროექტი და მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელის, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო გათხრილი გვირაბები, მაგრამ დაუსრულებელი იყო პროექტები. ვიმედოვნებთ, რომ მალე გვექნება პროგრესი და ეს ამოსასვლელებიც ამუშავდება",- განაცხადა გიორგი შარკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები