მეტროს სადგური "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა, ამჯერად 2026 წლის 30 დეკემბრამდე - ამას ითვალისწინებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ "ბადა ქონსთრაქშენს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
კორექტირებები შევიდა თავად რეაბილიტაციის ტექნიკურ სამუშაოებში, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისა და დახრილი გვირაბის ჭერის მოსაპირკეთებლად თავდაპირველად გათვალისწინებული აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტების გამოყენება გადაწყდა.
ასევე შეიცვალა იატაკის მოპირკეთების მასალებიც, კერამოგრანიტის დაგების ნაცვლად არსებული ბუნებრივი გრანიტი შენარჩუნდება, რომელსაც მოხვეწენ და გააპრიალებენ. სალიანდაგო კედელზე კი კერამოგრანიტის ნაცვლად გრანიტის ფილები განთავსდება.
ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 13 240 611 ლარამდე განისაზღვრა, რაც წინა ფასთან შედარებით 140 ათასი ლარით ნაკლებია. ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორისთვის უკვე გადახდილი აქვს 9 380 792 ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულების დაახლოებით 71%-ია.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. პროექტის თავდაპირველი ვადა 18 თვე იყო და სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის დასრულების თარიღი არაერთხელ გადავადდა.



























