მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს ვაგონში ჩასხდომა-გადმოსხდომის კულტურა მაინცდამაინც განვითარებული არ გვაქვს - გიორგი შარკოვი

შარკოვი

„სამწუხაროდ, [მეტროს ვაგონში] ჩასხდომა - გადმოსხდომის კულტურა მაინცდამაინც განვითარებული არ გვაქვს“, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა BM.GE-სთან თბილისის მეტროპოლიტენის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ხშირად გზის არდათმობის საკითხი, მგზავრთა ვაგონში შესვლისა და გადმოსვლის პროცესს აფერხებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ [მეტროს ვაგონში] ჩასხდომა - გადმოსხდომის კულტურა მაინცდამაინც განვითარებული არ გვაქვს. ხშირად, ვაგონში შემსვლელები და გამომსვლელები ერთმანეთს არ უთმობენ გზას, რაც პროცესს აფერხებს, თუმცა იმედია, ამასაც მივეჩვევით და ჩვენს მეტროპოლიტენს ევროპულად მოვიხმართ.

წლიდან წლამდე მგზავრთნაკადი, დაახლოებით, 5-7%-ით იზრდება. აქედან გამომდინარე, მეტროში გადატვირთულობაც მატულობს. შესაბამისად, ერთადერთი გზა იმისა, რომ მეტროპოლიტენის მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ, შემადგენლობების შეცვლა და პირველ ხაზზე ვაგონების რაოდენობის ზრდაა.

რაც შეეხება განიავებას, როგორც სადგურის შიდა, ასევე საგვირაბე გამნიავებლები ფუნქციონირებს. შეიძლება, ვაგონებში ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე დახუთულობა იყოს, თუმცა ახალი ვაგონების შემთხვევაში, ეს პრობლემა მოგვარებული იქნება. ახალი ვაგონები საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება მორგებული და მათ შორის კონდიცირების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი“, - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 8 აპრილის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროსთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს "აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის" (AIIB) პროცედურებით შეისყიდის. შესყიდვის მომზადების მიზნით კი, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა. შესყიდვის ჯამური ღირებულება - 205 მილიონი ევრო საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები ტენდერის გამოცხადებისას გახდება ცნობილი..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები