თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურებში აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას გეგმავს. ამის შესახებ საქმის კურსს კომპანიაში განუცხადეს.
უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე ობიექტები ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა ერთობლივმა ჯგუფმა შეამოწმა და დარღვევები აღმოაჩინა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემთხვევაში დარღვევები აღმოჩნდა სამ მეტროსადგურზე: "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი" და "წერეთელი.
საქმის კურსს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია 10 მეტროსადგურის გარემონტება და ამ პროცესში სპეციალური ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.
"აქ არის ძირითადად საუბარი ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. 2018 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციას და ყველაზე მეტად პრიორიტეტული სადგურები სწორედ "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი" და "წერეთელია". ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. დაგეგმილი რემონტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება როგორც სახანძრო, ასევე ელექტროუსაფრთხოებაზე. სადგურები მოვა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამავე რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყობა მეტროს თანამშრომლების როგორც სამორიგეო, ასევე მოსასვენებელი ოთახები.
ამჟამად დაწყებულია სამი სადგურის სარებილიტაციო სამუშაოები, ესენია: მეტროსადგური გურამიშვილი, სამგორი და ავლაბარი. ისინი 2018 წლის თებერვალ-მარტში დასრულდება. ის ტექნიკური შენიშვნები, რაც იყო შემოწმების შედეგად გამოთქმული, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
უწყების ცნობით, მეტროსადგურ "რუსთაველში" დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის: არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სიტემა, მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროუსაფრთხოება; ბაქანზე სამორიგეო პუნქტს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები.
მეტროპოლიტენი "თავისუფლების მოედანი": დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის; სამუშაო სივრცეში ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარებას, სამანქანო განყოფილება საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, დატბორილია.
მეტროპოლიტენი "წერეთელი": დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის; არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.

























